მაშინ როცა რუსეთის ფედერაციაში ნაციზმზე გამარჯვებას ზეიმობდნენ, ისტორიაში მეორედ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა “ლენდ ლიზის” დოკუმენტს, ოღონდ ამჯერად არა მოსკოვის დასახმარებლად, არამედ მის წინააღმდეგ.
თუკი მეორე მსოფლიო ომში “ლენდ ლიზი” მოსკოვს ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში დაეხმარა, 2022 წლის „ლენდ ლიზი“ სწორედ კრემლის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება კიევს.
”ხელს ვაწერ ბრძანებას, რომელიც კიდევ ერთი ინსტრუმენტი იქნება უკრაინის, უკრაინელი ერისა და ხელისუფლების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ჩვენ კიევის მხარდაჭერას განვაგრძობთ მაშინ, როდესაც უკრაინელი ერი თავს იცავს ვლადიმერ პუტინის მიერ წამოწყებულ დაუნდობელ ომში. მე მსურს, მადლობა გადავუხადო კონგრესის წარმომადგენლებს ამ დოკუმენტის ორპარტიული მხარდაჭერისათვის”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ლიეტუვამ კი დღეს, 10 მაისს რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად სცნო. რეზოლუცია ლიეტუვის სეიმმა მიიღო 128 ხმით არც ერთის წინააღმდეგ – ასე ერთსულოვნად გამოაცხადეს ვილნიუსში რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ ახლა ერთი გამოსავალი არსებობს, პუტინის რეჟიმი მთელი მისი გარემოცვით უნდა შეიცვალოს, რათა ევროპაში მშვიდობამ დაისადგუროს.
“საჭიროა არა მხოლოდ პუტინის, არამედ მისი მთელი გარემოცვის შეცვლა, ვინაიდან შესაძლოა, პუტინის ნაცვლად მეთაური მისი გარემოცვის წევრი გახდეს, ერთ პუტინს მეორე შეცვლის. ვიდრე პუტინის რეჟიმი რუსეთის ფედერაციას მართავს, მოსკოვი მეზობელი სახელმწიფოებისათვის მუდამ საშიში იქნება. 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში რუსული ინტერვენციის მერე ვინმეს თუ კიდევ ეჭვი ეპარებოდა, რომ მოსკოვი აგრესიულ საგარეო პოლიტიკას ატარებს, ამ ეტაპზე ეს ეჭვები გაქარწყლებულია“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრელიუს ლანდსბერგისმა.
მშვიდობისთვის კი ძალიან დიდი ფასია გადასახდელი – უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროპა ამაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს.
“როგორც წესი 9 მაისს ევროპელები ფიქრობენ იმ მშვიდობაზე, რომელიც ასე ძვირი დაუჯდათ 77 წლის წინ. ყველა თანხმდება, რომ დაუშვებელია მსგავსი ტრაგედიის განმეორება. თავისთავად ახლა სხვა მდგომარეობაა, ევროპულ დედაქალაქებში ფიქრობენ, იმ ფასზე, რომელიც მშვიდობა დაჯდება და იმ ფასზე, რომელიც მოსკოვმა უნდა გადაიხადოს დაუნდობელი ომის წარმოებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვშიც ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ პროპაგანდას ბევრი სიცრუის მოფიქრება შეუძლია, მაგრამ ეს ხომ რეალურ მდგომარეობას ვერ შეცვლის, რეალობას მშვიდობა ესაჭიროება და მშვიდობის რღვევაში დამნაშავე სწორედ მოსკოვია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ
უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები კი აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მანევრებს ატარებენ.
„ნაცისტურ გერმანიაში იყვნენ გერმანელები ვინც ხელისუფლების მიერ იდევნებოდნენ, მჯერა, რომ იგივე ხდება დღეს რუსეთშიც, მაგრამ მშვიდობის დამყარება რთული იქნება. არ ვიცი მშვიდობა როდის დაისადგურებს და რა გზით“, – ამბობს უკრაინელი ჯარისკაცი.
აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებზე სრულფასოვანი ინფორმაციის მოპოვება რთულია, ვინაიდან მოსკოვი, ისევე როგორც კიევი, საბრძოლო მოქმედებების მიდამოებში საინფორმაციო საქმიანობას ზღუდავენ.