პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა „ლენდ-ლიზის“ კანონს, რომელსაც შეერთებულ შტატებში მხარი დაუჭირეს როგორც რესპუბლიკელებმა, ასევე დემოკრატებმა. „ლენდ-ლიზი“ მეორე მსოფლიო ომის დროს შემუშავებული პროგრამაა, რომელიც საშუალებას აძლევს აშშ-ს, სწრაფად მიაწოდოს იარაღი თავის მოკავშირეებს, ამ შემთხვევაში კიევს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ახალი კანონი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება უკრაინის მთავრობისა და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პუტინის მიერ წამოწყებული სასტიკი ომის წინააღმდეგ. ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა კონგრესის წევრებს და ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ კანონის დამტკიცებას. ამ ნაბიჯით შეერთებული შტატები მსოფლიო საზოგადოებას აჩვენებს, რომ უკრაინის მხარდაჭერას გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, უკრაინელები ყოველდღე სიცოცლხის ფასად უპირისპირდებიან იმ სისასტიკეებს, რომლებსაც რუსები ჩადიან.
ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ „ჯაველინის“ 5500 რაკეტის გაგზავნის ვალდებულება აიღო. ანალიტიკოსები ასევე ამბობენ, რომ შეერთებულმა შტატებმა „სტინგერის“ რაკეტების მარაგის ერთი მეოთხედი უკვე გადასცა უკრაინას.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ამერიკელებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის თავისუფლებას.
მისი თქმით, „ლენდ-ლიზის“ კანონის დამტკიცება ისტორიული ნაბიჯია. მას სჯერა, რომ მოკავშირეები კვლავ გაიმარჯვებენ. ზელენსკი ამბობს, რომ დაიცავენ დემოკრატიას როგორც უკრაინაში, ისე ევროპაში, როგორც ეს 77 წლის წინ მოხდა.
ახალ კანონს სიმბოლური დატვირთვა აქვს. ბოლო ინფორმაციით, კონგრესი დამატებით 33 მილიარდ დოლარს გამოყოფს უკრაინის დასახმარებლად.