მთავარისაქართველოევროკავშირის კითხვარი და ქართველი პოლიტიკოსების მოლოდინები

ევროკავშირის კითხვარი და ქართველი პოლიტიკოსების მოლოდინები

2700-მდე კითხვა ევროკავშირისგან და 6000 გვერდამდე პასუხი საქართველოდან.

ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ორი ნაწილისგან შემდგარი დოკუმენტი საქართველომ შეავსო.

კითხვარის ორივე ნაწილის შევსების პროცესი არაინკლუზიური იყო.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, არც საპარლამენტო ოპოზიციას და არც სამოქალაქო სექტორს ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.

ოპოზიცია ამბობს, რომ პასუხების კვალიფიციურობასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. მათი აზრით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ჩაწერა ხელისუფლებამ პასუხებში. ამის გარდა, ოპოზიციაში მოლოდინებზეც საუბრობენ.

მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, მხოლოდ კითხვარის შევსება ვერ მოახდენს გავლენას საქართველოსთან დაკავშირებით მისაღებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე.

„რას უნდა ველოდებოდე მაშინ, როდესაც კითხვარის შინაარსი არ ვიცი?! შესაბამისად, მოლოდინი მქონდეს დოკუმენტზე, რომელიც არ წამიკითხავს და რატომღაც არც მაჩვენებენ, ძალიან ბუნდოვანია. თუ ზოგადად უარს გვეტყვიან, მხოლოდ ერთადერთი არგუმენტით, რომ ჩვენ სათანადო დონეზე არ გვინდა ევროპაში, საკმარისს არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს საგზური მივიღოთ“, – აცხადებს დეპუტატი პარტია „გირჩი“-დან იაგო ხვიჩია.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ კითხვარის შევსება ფართო საზოგადოებრივი განხილვით იმიტომ ვერ მოხდა, რომ გარკვეული რაოდენობის კითხვები უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი არგუმენტით, დრო მცირე იყო, სამუშაო კი ბევრი. აზრთა სხვადასხვაობის გამო პროცესი დროში გაიწელებოდა. რაც შეეხება მთავრობის უწყებების მიერ კვალიფიციური პასუხების გაცემას, მმართველ პარტიაში ამასთან დაკავშირებით  ეჭვი არ ეპარებათ და ევროკავშირისგან დადებითი პასუხის მოლოდინი აქვთ.

„რაც შეეხება მეორე ნაწილს, ის უფრო მეტად ტექნიკური ხასიათისაა, ეხება ეკონომიკურ და სხვა მსგავს თემებს, შეივსო 5 000 გვერდიანი დოკუმენტი რამდენიმე დღეში. შესაბამისად, შეგიძლიათ თავადაც განსაჯოთ, თუ რამხელა მოცულობის სამუშაოები ჩატარდა. რაც შეეხება სპეკულაციებს, ყველაფერი ეფუძნება ფაქტებს. ყველა პასუხი რეალურად ფაქტის კონსტატაციაა. მაგალითად, როცა საქმე ეხება დემოკრატიულ მმართველობას, როგორ არის კანონმდებლობით მოწესრიგებული ეს საკითხები, პრაქტიკაში რა ხდება, ეს ყველაფერი არის სათანადოდ წარმოდგენილი ამ პასუხებში. შესაბამისად, თავიდან ბოლომდე ეს არის ფაქტების კონსტატაცია და როგორც უკვე ვთქვი, ძალიან დეტალურია პასუხები. მთლიანობაში 6 000 გვერდამდეა, რამდენიმე დღეში მომზადდა ეს ყველაფერი, დიდი სამუშაო ჩატარდა ხარისხიანად, რაც იძლევა დამატებით ოპტიმიზმის საფუძველს“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ევროკავშირმა სამ ქვეყანას, წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პასუხი დიდი ალბათობით ივნისის მეორე ნახევარში უნდა გასცეს.

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ახლა განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. გავლენას კი არამხოლოდ კითხვარში ჩაწერილი პასუხები, არამედ ამ ქვეყნებში არსებული პოლიტიკური ვითარება და რეალური დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისთვის მზაობა მოახდენს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend