უკრაინული მხარის ინფორმაციით, მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხნის ტერიტორიაზე 100-ზე მეტი სამოქალაქო პირი რჩება. რამდენიმე ასეულმა მშვიდობიანმა მოქალაქემ მარიუპოლი უკვე დატოვა, ისინი ავტობუსებით უკრაინის მიერ კონტროლირებად ზაპორიჟიაში ჩაიყვანეს.
აღმოსავლეთ უკრაინაში კი საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსი სამხედროები ცდილობენ, გაანადგურონ უკრაინული ძალები, რომლებიც მარიუპოლის ფოლადის ქარხანას იცავენ. “აზოვსტალის” კომპლექსი კვლავ დაბომბეს. რუსმა სამხედროებმა ასევე დაბომბეს შავი ზღვის საპორტო ქალაქი ოდესა.
პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთს უკრაინაში დაახლოებით 97 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი ჰყავს მობილიზებული. ისინი ძირითადად აღმოსავლეთსა და სამხრეთში არიან განთავსებული.
რაკეტა მოხვდა ქალაქ სლოვიანსკის, რომელიც კრამატორსკიდან 15 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქში, რომელიც მოსახლეობისგან თითქმის სულ დაცლილია, საბრძოლო მოქმედებები არ წყდება.
ორშაბათს, თავდასხმების პარალელურად მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად აღლუმი გაიმართა, სადაც რუსული ჯარი და სამხედრო ტექნიკა იყო წარმოდგენილი.
აღლუმის დროს პრეზიდენტმა პუტინმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა. მისი თქმით, უკრაინა რუსეთს საფრთხეს უქმნის, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის ატომური იარაღის მქონე არმია რაოდენობრივად ბევრად აღემატება უკრაინულ ჯარს.