2010 წელს დიზაინერ დანა დონოფრის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. 28 წლის დიზაინერმა აღმოაჩინა, რომ იმ ქალებისთვის, რომლებმაც ძუძუს კიბო დაამარცხეს, მხოლოდ სამედიცინო ან არაკომფორტული ბიუსტჰალტერები არსებობდა.
დიზაინერმა გადაწყვიტა, თავად შეექმნა ბიუსტჰალტერის ისეთი მოდელები, რომლებიც სიმსივნედამარცხებულ ქალებს მოეწონებოდათ. მან 2014 წელს დააარსა ქალის თეთრეულის კომპანია, სახელწოდებით AnaOno. მისი თეთრეული იმ ქალებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებიც ძუძუს კიბოთი იყვნენ დაავადებული ან გარკვეული სახის ოპერაციები ჰქონდათ ჩატარებული.
“მე ბიუსჰალტერიდან ამოვიღე ქვედა მავთული. ჭიქის ერთგვარი ტრადიციული დიზაინიც მოვაშორე ბიუსტჰალტერს. ასე რომ, ყველა მოდელი, რომლებიც გვაქვს, ძალიან კომფორტული და წელვადია. იგი ყველა ფორმისა და ზომის მკერდს ერგება“, – ამბობს დიზაინერი დანა დონოფრი.
მიუხედავად იმისა, რომ ბიუსტჰალტერები თავდაპირველად მხოლოდ მის ვებგვერდსა და სამედიცინო მომარაგების მაღაზიებში იყიდებოდა, ახლა AnaOno-ს თეთრეულის ყიდვა არაერთ სხვა პლატფორმაზეც არის შესაძლებელი. მისი დიზაინით შექმნილი ბიუსტჰალტერი უკვე საზღვარგარეთაც იყიდება, მაგალითად, ესპანეთში, ისრაელსა და კანადაში.
“ჩვენს მოდელებს მკერდის ოპერაცია აქვთ გაკეთებული, ან ძუძუს კიბოთი არიან დაავადებული, ზოგს მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინდა. მოგეხსენებათ, ჩვენ წლების განმავლობაში ათობით მოდელი დავკარგეთ ძუძუს კიბოს გამო. ეს არის ჩვენი მწარე რეალობა. რომელშიც ვცხოვრობთ“, – აღნიშნავს დანა დონოფრი.
გარდა ბიუსტჰალტერების შექმნისა, დიზაინერი დანა დონოფრი არაერთ სოციალურ კამპანიაშია ჩართული, რათა საზოგადოებაში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერება აამაღლოს. პანდემიამ დაგეგმილი ღონისძიებები შეაფერხა, თუმცა ორგანიზატორებმა ძუძუს მეტასტაზური კიბოს კვლევისთვის მაინც შეძლეს 500 000 დოლარზე მეტის შეგროვება.
AnaOno-ს დამფუძნებელი ფიქრობს, რომ წელს 30,000 მომხმარებელი ეყოლება და თითქმის 3 მილიონი დოლარის შემოსავალი ექნება, რაც გასული წლის მაჩვენებელს თითქმის გააორმაგებს.
დონოფრი ამბობს, რომ მისი მიზანია, 100 000 ქალს მიაწოდოს პროდუქტი. იგი მომავალ სეზონში საცურაო კოსტიუმების გამოშვებასაც გეგმავს.