მთავარისაქართველოსაქართველო ევროკომისიას კითხვარს 10 მაისს გადასცემს - ოპოზოცია კვლავ პასუხების გასაჯაროებას ითხოვს

საქართველო ევროკომისიას კითხვარს 10 მაისს გადასცემს – ოპოზოცია კვლავ პასუხების გასაჯაროებას ითხოვს

საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა და ევროკომისიას 10 მაისს გადასცემს.

დოკუმენტი 2 300-მდე კითხვას მოიცავს და სხვადასხვა სექტორულ მიმართულებებს ეხება. ოპოზიციაში კვლავ ითხოვენ გასაჯაროვდეს თუ არა პასუხები.

„პასუხების გასაჯაროება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიცით და არაერთხელ მოგვისმენია ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ საკმაოდ დიდი უკუსვლაა რეფორმებთან მიმართებაში, ამიტომ პასუხები კითხვარის ყველა ნაწილზე უნდა იყოს გამჭვირვალე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.

„ეს არის ინფორმაცია, რომელიც ეხება ქართველ ხალხს. არის იმაზე, თუ რა ვალდებულება ავიღეთ ქართველი ხალხის სახელით, ეხება ჩვენს მომავალს და მისი არ გასაჯაროება არანაირ, არც სამართლის, არც პოლიტიკის ლოგიკაში არ ჯდება. თავი რომ დავანებოთ იმას რომ კომენტარს ვაკეთებთ ისეთ დოკუმენტზე, რომელიც არ გვინახავს“, – აღნიშნა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ კითხვართან დაკავშირებით ევროკავშირის წევრებისგან პირველადი მოსაზრებების მოსმენა, სავარაუდოდ, ივნისში იქნება შესაძლებელი.

„რაც შეეხება პროცესს, კითხვარის ამ ორი ნაწილზე პასუხების წარდგენის შემდეგ, ევროპულმა კომისიამ უნდა შეიმუშაოს დასკვნა, რომელიც წარდგენილი იქნება წევრ სახელმწიფოებთან ევროპულ საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად. ამ პროცესზე საუბრისას დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინო, რადგან ეს არის არა მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ დელიკატური პროცესი, მაგრამ ჩემი პროგნოზი არის, რომ ჩვენ დასკვნას მომავალ თვეში ვიხილავთ და ასევე სულ მცირე პირველ გადაწყვეტილებებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, რაზედაც თუ ნებას მომცემთ, ახლა სპეკულირება არ გვინდა“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ საქართველოში ასოცირების ხელშეკრულების 40% უკვე შესრულებულია და საქართველო ამ თვალსაზრისით საკანონმდებლო დონეზე ევროკავშირთან საკმაოდ მჭიდროდაა დაახლოებული.

„ჩვენ ეს შესაძლებლობა გამოვიყენეთ, ეს არის ჩემი აზრით, ისტორიული შესაძლებლობა, ისტორიული შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის ღირსეული წევრი. პირველ რიგში მივიღოთ სტატუსი და ბუნებრივია ამისთვის ჩვენი ყველა უწყება, მთელი ხელისუფლება პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ თემას. პირველი ნაწილი ჩვენ ჩავაბარეთ, მეორე ნაწილსაც გადავცემთ და ივნისში მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს რომ მიიღოს ეს სტატუსი“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

ევროკომისიამ შეფასების ანგარიში უნდა მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციებით. შეფასების კითხვარზე ევროკავშირის საბჭოს მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, რასაც საბჭოს შემადგენლობაში ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა ესაჭიროება, აპლიკანტქვეყანას კანდიდატის სტატუსი ენიჭება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ერთვება.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend