მთავარისაქართველო"ომი ბოროტებაა" - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 9 მაისს

“ომი ბოროტებაა” – მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 9 მაისს

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მოპოვებიდან 77 წელი გავიდა.

9 მაისს დილიდან თბილისში ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში ომის ვეტერანები და მათი შვილები შეიკრიბნენ. ყვავილებით ხელში, ისინი ნაციზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავდნენ.

მსოფლიოს დანარჩენი მოსახლეობისთვის კი ეს დღე 8 მაისს აღინიშნება.

ხელისუფლების წარმომადგენლები დილიდან ულოცავდნენ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.  

საბჭოთა ისტორიის მკვლევარების თქმით კი, ქართველი ხალხისთვის ეს ომი დაკარგული ომია, რადგან საბჭოთა პროპაგანდამ თაობებს ტოტალიტარული რეჟიმისთვის საჭირო ინფორმაცია შემოუნახა – ის რომ ფაშიზმზე მხოლოდ საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა და არა მოკავშირეებმა. თითქოს ომში იყო მხოლოდ იარაღი და გამარჯვება და არა ადამიანური ტკივილი და დანაკარგი.

ნაციზმზე გამარჯვების დღე თბილისში, ტრადიციულად ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან აღინიშნებოდა. თუმცა  წელს ვაკის პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხელისუფლების წარმომადგენლები და ომის ვეტერანები ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მივიდნენ.

“ძალიან ცუდ საქმეს აკეთებს რუსეთი უკრაინის მიმართ, მე მხარს ვუჭერ უკრაინელებს. ომში რომ ვიყავი, უკრაინის ფრონტზე ვიბრძოდი, მესამე ფრონტზე. ახლა რომ ოდნავ მაინც უკეთესად ვიყო წავიდოდი და მხარში დავუდგებოდი უკრაინელებს, ისეთი საყვარელი ხალხია”, – ამბობს ომის ვეტერანი არტემ კოპალიანი.

„ამ დღეს კაცობრიობამ დაამარცხა ფაშიზმი, ამიტომ ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ ომში დაღუპულებს და პატივს მივაგებთ მათ ვინც გამარჯვებული დაბრუნდა. მსოფლიო ომის შემდეგ სამყარომ ცოტათი დაისვენა, ქვეყნის განვითარება კი მაშინაა შესაძლებელი, როცა მშვიდობაა. ომი ბოროტებაა, ეს არის ყველანაირი სიკეთის განადგურება და ახლა რაც ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის ეს ისევ იმ ბოროტების გამეორებაა. ჩნდება კითხვა რატომ ხოცავენ ბავშვებს და მოხუცებს, მშვიდობიან მოქალქეებს? ამაზე კრემლს პასუხი არ აქვს. რა დააშავეს მათ?! უსამართლობაა და ამის გამო რუსეთი პასუხს აგებს და დამარცხდება, რადგან ცივილიზებული სამყარო ახლა უკრაინის გვერდითაა”, – ამბობს ვლადიმერ ტაბაღუა.

„ფაშიზმი ხომ რასისტული იყო? დედა 18 წლის გაიწვიეს, ბერლინამდე ჩავიდა და გამარჯვების შემდეგ მამასთან ერთად დაბრუნდა“, – იხსენებს ომის ვეტერანის შვილი ლიანა კუცია.

“9 მაისი ჩემთვის მამასთან შეხვედრაა, მამის გახსენების დღეა. მე კაპიტან ბუხაიძის ქალიშვილი ვარ და ყოველ 9 მაისს იქ ვარ, სადაც ეს ამბავი ხდება“, – ამბობს დარეჯან ბუხაიძე.

რა შეცვალა პირველი 9 მაისიდან დღემდე?! როგორ ჩამოყალიბდა ნაციზმზე გამარჯვების დღე მოქალაქეების კოლექტიურ მეხსიერებაში?! საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში ამბობენ, რომ მოსახლეობის უმეტესობას მეორე მსოფლიო ომის არასწორი აღქმა აქვს და ხშირად ფაშიზმის დამარცხებას ტოტალიტარული რეჟიმის პროპაგანდის გამო მხოლოდ საბჭოთა კავშირს მიაწერს.

„ვხედავთ, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო 8 მაისს აღნიშნავს ნაციზმზე გამარჯვების დღეს, ჩვენ კი რუსულ და საბჭოურ მოდელში ვართ ჩარჩენილი, თან გვაქვს რაღაც უხერხულობა, რომ დღემდე საბჭოეთთან ვიდენტიფიცირდებით ამ გამარჯვებაში და ისე წელგამართულად ვერ ვიხსენებთ, როგორც ვთქვათ ბრიტანეთის მოქალაქეები, რადგან ქართველების უმეტესობა საბჭოთა არმიის, ბოროტების ერთ-ერთი სახის შემადგენლობაში იბრძოდა. აქედან გამომდინარე ზუსტად ამ გაურკვევლობაში ვართ, ვერ ვპოულობთ საკუთარ თავს და ვერ ვათავსებთ ისტორიის კონტექსტში, გვიჭირს გაგება, რომ თან ვართ ნაციზმის წინააღმდეგ ანუ ყველაზე დიდი ბოროტების წინააღმდეგ გამარჯვებულთა ბანაკში, მაგრამ იმ “აქტორთან” ერთად, რომელიც დღემდე მემკვიდრეობით ნაციზმზე არა ნაკლები ბოროტებაა“, – მიიჩნევს საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დღეს საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 172 ვეტერანია. ისინი უკვე 30 წელია დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრობენ, სჯერათ, რომ 77 წლის წინ ბოროტება დაამარცხეს, და მათი ნაწილი იმასაც მიიჩნევს, რომ ახლა უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომი ისეთივე ბოროტებაა, როგორც ნაციზმი იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend