მთავარისაქართველობორჯომის წყლის ამბავი

ბორჯომის წყლის ამბავი

საქართველოს ბორჯომის ხეობა მინერალური წყლების საბადოებითაა ცნობილი. ეს სასმელი ხეობაში გასული საუკუნიდან იზიდავს სამკურნალო და გამაჯანსაღებელი წყლების მოყვარულებს.

ბოთლებში ჩამოსხმული სასმელი კი მთელ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ვრცელდება.

დღეს, ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები საპროტესტო აქციებს მართავენ. მიზეზი კი ქარხნის შეჩერებაა.

“კონტრაქტები შეგვიცვალეს. ვითხოვთ, როდესაც დალაგდება სიტუაცია, ხელშეკრულება გაგვიგრძელონ იგივე პირობებით, როგორც გვქონდა. აქ ყოფნა და პროტესტი არ გვინდა. რატომ აკეთებენ ამას?“- ამბობს კომპანია „IDS Borjomi“-ის თანამშრომელი ნიკა გელაშვილი.

რატომ გაჩერდა ბორჯომის ქარხანა? რატომ გაჩერდა მინერალური წყლის წარმოება, რომელიც საქართველოშიც და რეგიონშიც ყველაზე სასურველ სასმელად ითვლება?

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, საქართველოში პრივატიზება დაიწყო და ბორჯომის ქარხანაც სახელმწიფო მფლობელობიდან, კერძო მფლობელობაში გადავიდა.

მას შემდეგ, ბორჯომის წყლების ჩამომსხმელმა საწარმომ რამდენიმე ქართველი მფლობელი გამოიცვალა. ბოლოს კი 2013 წელს, იგი რუსულმა  „ალფა ჯგუფმა“ 300 მილიონ დოლარად იყიდა.

„IDS Borjomi“  IDS Borjomi International-ის შვილობილია, რომელიც აერთიანებს მინერალური წყლის მწარმოებელ კომპანიებს საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში.

ქარხანას  „IDS Borjomi“, რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანი ფლობს, რომელიც უკრაინაში წარმოებული ომი გამო საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა და ბორჯომის წარმოება ვეღარ ხდება.

რა მომავალი აქვს ბორჯომის წყლებსა და წარმოებას? ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები დაწყებულია.

„უფრო მეტ ინფორმაციას ვერ გაგიზიარებთ, თუმცა გეტყვით, რომ მთავრობა ჩართულია მოლაპარაკებების პროცესში და იურიდიული საკითხების დაზუსტება მიმდინარეობს“, – აცხადებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

ბორჯომის მინერალური წყლების სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებებით მეფის რუსეთი 1825 წლიდან დაინტერესდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოდან პროდუქტის ექსპორტი დაიწყო და დღემდე არაერთ ქვეყანაშია წარმოდგენილი. შესაბამისად, ბორჯომს საქართველოსთვის დიდი ეკონომიკური მნშვნელობაც აქვს.

„ბორჯომი არის ჩვენი მინერალური წყლების სექტორის სახე. საზღვრებს გარეთ ეს არის საქართველოს სავიზიტო ბარათი. ბორჯომი და ზოგადად მინერალური წყლები საქართველოდან ათ საექსპორტო პროდუქტთა შორისაა, ამიტომ ეკონომიკური თვალსაზრისით აუცილებელია მისი შენარჩუნება და ამ რთული სიტუაციიდან გამოსვლა“, – აცხადებს ეკონომიკის დოქტორი ნინო ლობჟანიძე.

მანამდე კი, ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები თავიანთ მომავალზე ჩივიან და პროტესტს აგრძელებენ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend