“ქოლგა თბილისი ფოტო” ფოტოგრაფიის მოყვარულებს წელსაც მთელი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.
გაიმართება ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენები, ვორქშოფები და სემინარები.
“ქოლგა თბილისი ფოტოს” ფოტოკონკურსი ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებდა.
პანდემიის გამო, იგი უკვე ორი წელია ვირტუალურად ტარდებოდა. წელს კი ფესტივალი სტუმრებს კვლავ საგამოფენო სივრცეში ელის.
გარდა საკონკურსო ნაწილისა, ფოტოფესტივალი „ქოლგა“ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფების გამოფენებსაც მოიცავს.
„არასაკონკურსო ნაწილი მოიცავს საერთაშორისო, ადგილობრივსა და ინდივიდუალურ გამოფენებს. იხსნება რამდენიმე გამოფენა. ერთ- ერთი გამოფენა არის უკრაინის ომის შესახებ, რომელშიც შესულია 11 უკრაინელის და გერმანული სააგენტოების ფოტოგრაფების მიერ შესრულებული ნამუშევრები. ასევე წელს ჩამოვიდა იტალიელი ფოტოგრაფი, ჯონ რენდოლფ პეპერი, რომელიც წარმოადგენს 1970-2010 წლებში იტალიაში გადაღებულ ფოტოებს. ძალიან საინტერესო გამოფენაა. მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი გამორჩეულია ჩვენს პროგრამაში. დღეს არის საერთაშორისო ფოტოკონკურსის პროექტების ჩვენება.წარმოვადგენთ ჟიურის მიერ შერჩეულ პროექტებს. წარმოდგენილია ხუთ ნომინაციაში არჩეული ფოტოპროექტები და ფოტოები. ეს არის დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი და მობილური ფოტო“, – ამბობს ფოტოფესტივალ “ქოლგას” დამფუძნებელი ბესო ხაინდრავამ.
„ამ ფესტივალში ჩემი როლი არის ის, რომ ფოტოკვირეულში მონაწილეობისთვის ფოტოგრაფები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამომყავს. მაგალითად, საფრანგეთიდან, გერმანიიდან. ვცდილობ, რომ მაქსიმალურად მრავალფეროვანი იყოს ფესტივალზე წარმოდგენილი ნამუშევრები. ფესტივალისთვის ფოტოგრაფებს ვარჩევ და განვსაზღვრავ, რომელი მათგანი იქნება საუკეთესო ფოტოკვირეულისთვის“, – აღნიშნა , ფესტივალის ერთ-ერთმა კურატორმა გრეგორ ბელციკიმ.
ქოლგა თბილისი ფოტოზე”, უცხოელი სტუმრები მუდამ ჩამოდიოდნენ, მაგრამ პანდემიის გამო, ბევრ მათგანს სტუმრობის გადადება მოუწია. წელს კი „ქოლგას“ გაცილებით მეტი საერთაშორისო მონაწილე ჰყავს.
“ჩემი გამოფენა 40 ნამუშევარს აერთიანებს, რომლებიც იტალიაში გადავიღე. პირველად ფოტოები 11 წლის ასაკში გადავიღე, როდესაც მამაჩემმა ფოტოაპარატი მაჩუქა. მე შავ-თეთრ ფოტოგრაფიაში ვმუშაობ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფოტოები არ არის ფერადი, თავად შეგიძლია წარმოიდგინო ეს ფერები. აქ წარმოსახვა დიდ როლს თამაშობს. თუ მე ფერად ფოტოს გადავიღებდი, თქვენ ყველა კითხვაზე პასუხი გექნებოდათ, მაგრამ თუ შავ-თეთრ ფოტოს გადავიღებ, თქვენ თავად შექმნით ამ ფერებს“, – ამბობს იტალიელი ფოტოგრაფი ჯონ რენდოლფ პეპერი.
სტუმრებს შორის არის ფოტოგრაფი ლარა მიჩელი, რომელიც საქართველოში თავის მეუღლესთან, მწერალ ფრედერიკ ბეგბედერთან ერთად ჩამოვიდა.
„გამოფენა 2020 წელს უნდა გამემართა, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო. ორი წლის შემდეგ კი როგორც იქნა შევძელი საქართველოში ჩამოსვლა. იმედი მაქვს, რომ ხალხს მოეწონება ჩემი ნამუშევრები. თუმცა უკვე ის ფაქტი, რომ ჩემი ნამუშევრები ფესტივალისთვის შეირჩა, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც ფოტოებს გამოფენისთვის კედელზე ვკიდებ. როცა ამ ყველაფერს ჩემთან ერთად ხალხიც იზიარებს, ნამდვილად საოცარი მომენტია“, – აღფრთოვანებით აღნიშნავს ფოტოგრაფი ლარა მიჩელი.
საღამოს ლარას მეუღლეც ესწრებოდა. ფრედერიკ ბეგბედერი რამდენიმე დღეა საქართველოშია და თავის მკითხველებსა და თაყვანისმცემლებთან მართავს შეხვედრებს.
„მე ფოტოგრაფი, ლარა მიჩელის მეუღლე ვარ, რომელიც საქართველოში გამოფენას მართავს. ჩემთვის ძალიან საინტერესოა საერთაშორისო პროექტების ხილვა. ზოგადად დაინტერესებული ვარ ფოტოხელოვნებით და მომწონს ხელოვნების ახალი ნიმუშების აღმოჩენა“, – ამბობს მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი.
სულ მალე კონკურსის გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.
„ეს ფოტოები ბავშვობის პირადი განცდების გამოძახილია. ერთ დღეს გადავწყვიტე ვაშლოვანში წავსულიყავი და ის გარემო გადამეღო, რომელიც ბავშვობაში ჩემში შიშს აღძრავდა. არ ვიცი ეს შიში რამდენად დავძლიე, თუმცა ფოტოები ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა. 15 წლის წინ ამ ფესტივალში მონაწილეობას ჩემი და იღებდა. სიმბოლურია, რომ ამდენი წლის შემდეგ ფესტივალზე ჩემი ფოტოებიც წარმოადგინეს“, – ამბობს კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული მიხეილ ქურდაძე.
„მე დოკუმენტური სერიის კატეგორიაში გავიმარჯვე. ძალიან მოხარული ვარ, რომ ფოტოკონკურსში მონაწილეობას ვიღებ. ეს მართლაც საოცარი ფესტივალია. გარემოც არაჩვეულებრივია. საქართველოში პირველად ვარ და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამდენ გამორჩეულ ფოტოგრაფს შორის მე ამარჩიეს. ძალიან დიდი მადლობა!“- ამბობს კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ტამარა ეკჰარტი.
კონკურსი დამთავრდა და უკვე მომავალი წლისთვის იწყება მზადება. “ქოლგა თბილისი ფოტოს” საინტერესო და დატვირთული საღამოები კი გრძელდება.
მარიამ ქუხილავა