მარიუპოლში “აზოვსტალის” ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანა მოხერხდა. უკრაინის 170-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ალყაში მოქცეული “აზოვსტალის” ფოლადის ქარხნიდან ევაკუირებული 40 ადამიანი კვირას უკრაინის მიერ კონტროლირებად ზაპორიჟიაში ჩაიყვანეს.
ომგამოვლილი უკრაინის მოქალაქეები მძიმე დღეებს იხსენებენ.
“ძნელია. მორალურად მძიმე, განსაკუთრებით სამედიცინო თვალსაზრისით, რადგან სამედიცინო სერვისებზე წვდომა არ გვქონდა. მე და ჩემს ქმარს გვეგონა, რომ ორი დღეში გავიქცეოდით, თუმცა ორი თვე მოგვიწია დარჩენა”, – ამბობს უკრაინის მოქალაქე ნატაშა.
უკრაინაში ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, “აზოვსტალიდან” და მარიუპოლიდან სულ 600-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. თუმცა უკრაინის აზოვის პოლკის კაპიტანი ამბობს, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, ქარხნიდან ყველა მშვიდობიანი მოქალაქეა ევაკუირებული თუ არა.
,,ბოლო სამი დღეა “აზოვსტალის” ქარხნიდან სამოქალაქო პირების ევაკუაცია მიმდინარეობდა. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, იქ მყოფი ყველა ადამიანი გამოვიყვანეთ თუ არა, რადგან არ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეაფასებს ზუსტ სტატისტიკას. ჩვენი უკრაინელი პოლიტიკოსები აქ, “აზოვსტალის” ტერიტორიაზე, არ ჩამოსულან. არ არის სპეციალური ტექნიკა ნანგრევების გასაწმენდად“, – განაცხადა აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში შეძრწუნებულია აღმოსავლეთ უკრაინაში სკოლის ერთ-ერთ შენობაზე თავდასხმის გამო.
რუსეთის საჰაერო ძალებმა პირდაპირი იერიში მიიტანეს სკოლის შენობაზე, რომელსაც 90 მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. ფიქრობენ, რომ თავდასხმას 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.