7 მაისს, შაბათს რუსეთში მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების აღსანიშნავი აღლუმის ბოლო რეპეტიცია გაიმართა.
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მოსკოვი სამხედრო ძალის დემონსტრირებას შეეცდება.
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 77 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მოსკოვში ათასობით ჯარისკაცი წითელ მოედანზე გაივლის. მათ შორის გამოიყვანენ ტანკებს, ჯავშანტექნიკას და სარაკეტო დანადგარებს.
აღლუმი ყოველწლიური ღონისძიებაა, თუმცა განსაკუთრებით პოპულარული ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის დროს გახდა.
მოსალოდნელია, რომ პუტინი აღლუმის დროს სიტყვით გამოვა. დასავლეთში ფიქრობენ, რომ 9 მაისს პუტინმა შესაძლოა, უკრაინას ომი გამოუცხადოს და რუსეთში სამხედრო მობილიზაცია დაიწყოს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აღლუმში მონაწილეობას მიიღებს 77 თვითმფრინავი, მათ შორის იშვიათად ნანახი ილ-80, რომელსაც „განკითხვის დღეს” უწოდებენ და რომელსაც ბირთვული დარტყმის გაძლება შეუძლია.
გარდა ამისა, წითელ მოედანზე მიგ-29-ის ტიპის 8 გამანადგურებელი გადაიფრენს და ცაზე ასობგერა Z-ს გამოსახავს, რაც რუსეთის სამხედრო კამპანიის სიმბოლოა.
წითელ მოედანზე რუსეთი აჩვენებს თავის ბირთვულ ტექნიკასაც, მათ შორის კონტინენტთაშორის ბირთვულ რაკეტებს და მცირე რადიუსის ბალისტიკურ სარაკეტო სისტემას.
კრემლში აცხადებენ, რომ აღლუმზე არ მიიწვიეს უცხოელი ლიდერები, რადგან 2022 „საიუბილეო წელი არ არის”.
ასევე, 9 მაისს რუსეთის სხვა ქალაქებში გაიმართება უფრო მცირე მასშტაბით აღლუმები და ე.წ. „უკვდავი პოლკის” მარში, რომლის დროსაც მოქალაქეებს ხელში ომის დროს დაღუპულების ფოტოები უჭირავთ.
წელს მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ მარშის დროს უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების ფოტოებიც მიიტანონ.