მთავარისაქართველო"უკრაინული გერნიკა" - ფოტოგამოფენა, რომელიც უკრაინაში ომის სისასტიკეს აღწერს

“უკრაინული გერნიკა” – ფოტოგამოფენა, რომელიც უკრაინაში ომის სისასტიკეს აღწერს

ფოტოები, რომელიც რუსული სამხედრო აგრესიის სისასტიკეს აღწერს ერთ საგამოფენო სივრცეშია თავმოყრილი.

“უკრაინული გერნიკა”- ასე ჰქვია, გამოფენას, სადაც 40-ზე მეტი ნამუშევარი და აუდიო-ვიდეო მასალაა წარმოდგენილი. მასში მონაწილეობენ ფოტოგრაფები სხვადასხვა ქვეყნიდან.

პროექტი მხარდაჭერილია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ტარდება უკრაინის პირველი ლედის ოლენა ზელენსკას პატრონაჟით.

გამოფენა 5 მაისს თბილისში, ქარხნის საგამოფენო პავილიონში გაიხსნა. დამთვალიერებელს შეუძლია ნახოს უკრაინაში მიმდინარე ომი მთელი თავისი სისასტიკით.

არგენტინელი ფოტოგრაფის, როდრიგო აბდის ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს 6 წლის ბიჭი, რომელიც დედის საფლავთან მარტო დგას. დედა თავშესაფარში შიმშილით დაიღუპა. გამოფენაზე ყველა ფოტო ამბავს ჰყვება – მტკივნეულ და ტრაგიკულ ამბავს უკრაინული ქალაქებიდან.

გამოფენის სახელი კი პაბლო პიკასოს ლეგენდარულ ნამუშევარს – „გერნიკას“ უკავშირდება. ტილოს, რომელზეც ნაცისტური გერმანიის მიერ ესპანეთის ქალაქ გერნიკას დაბომბვის ამბავია ასახული.

გამოფენაზე მისული დამთვალიერებლის ბუნებრივ ემოციებს კიდევ უფრო ამძაფრებს, განგაშის სირენების, აფეთქების, ბავშვის ტირილის ხმები, რომლებიც ჩაბნელებულ სივრცეში ფონად მიჰყვება ნამუშევრების რიგს.  ბევრისთვის ცრემლების შეკავება ძნელი აღმოჩნდა…

“უბრალოდ არ ველოდი…ვიცოდი, რომ იქნებოდა ომის კადრები უკრაინის სხვდასხვა ქალაქიდან, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ეს არის 21 საუკუნის ყველაზე დიდი ტრაგედია“, – ამბობს გამოფენის დამთვალიერებელი ტატა კლოლინა.

„ძალიან შთამბეჭდავია ეს ყველაფერი, ჩემს ბავშვობას მახსენებს, სოხუმს. იმას, რაც ჩვენ გამოვიარეთ. ჩვენ 30 წელი მოვანდომეთ იმას, რომ დაგვემტკიცებინა რა არის რუსეთი და რა საფრთხეს წარმოადგენს ის კაცობრიობისთვის, 21 საუკუნეში ამას ნამდვილად აღარ ველოდით. ეს არის კინო, რომელიც უკვე მინახავს ბავშვობაში და თითქოს ეს ჭრილობა კიდევ ერთხელ გამეხსნა“, – იხსენებს დამთვალიერებელი გიორგი სხულუხია.

“გერნიკა აბსოლუტურად ზუსტი დასახელებაა. შეიძლება ითქვას, რომ გერნიკა ერთადერთი ნაწარმოებია, რომელმაც ომის საშინელება გამოხატა. მე ვერც კი წარმომიდგენია შეუძლია თუ არა თანამედროვე ხელოვნებას გამოხატოს ის სირცხვილი, რომელსაც ახლა კაცობრიობა ყლაპავს, ყველა ერთად ყლაპავს“, – ამბობს რეჟისორი ლევან წულაძე.

„ეს გამოფენა არაა, თითქოს ბრძოლის ველზე ხარ, ძალიან უცნაური გრძნობაა. ვინც აქ არ არის რას ვგულისხმობ ალბათ ვერ მიხვდება, მგონია, რომ იქ ვარ“, – ამბობს ნატალია ფარცხალაძე.

გამოფენა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრიი კასიანოვმა გახსნა. მან კიდევ ერთხელ შეახსენა სტუმრებს, თუ რა გზის გავლა უწევს უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

„რუსეთის სისხლიანი აგრესიის შედეგად 221 უკრაინელი ბავშვი დაიღუპა, ისინი რუსულმა ბომბებმა და რაკეტებმა იმსხვერპლეს.  ეს ყველაფერი კი რუსმა ომის დამნაშავეებმა ჩაიდინეს. 3 მარტს მსოფლიომ პრესის თავისუფლების დღე აღნიშნა, თავისუფალი მედია არსებობს იმისთვის, რომ მოყვეს სიმართლე მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის ფოტოების და ფოტოგრაფების დახმარებით“, – ამბობს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრიი კასიანოვი.

გამოფენაზე ნახავთ უკრაინელ ექიმებსაც, რომლებიც  ნაღმების ქვეშ  შეუჩერებლად მუშაობენ. გამოფენიდან შემოსული თანხა სწორედ ფრონტის ხაზზე მომუშავე ექიმებისთვის სასწრაფო დახმარების მანქანების შეძენას მოხმარდება.

„გამოფენა ოლენა ზელენსკას პატრონაჟით მიმდინარეობს. დაგეგმილია სხვადასხვა ქალაქებში ჩასვლაც, თუმცა პირველი თბილისი აირჩიეს, იმიტომ რომ ალბათ ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გვესმოდეს რა ხდება უკრაინაში და ჩვენი მხარდაჭერა მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ“, – ამბობს გამოფენის ორგანიზატორი სოფო ჭყონია.

ბუჩა, ირპინი, მარიუპოლი… –  მთელი მსოფლიოს თვალწინ ნადგურდება უკრაინული ქალაქები რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად.  უკრაინელები კვლავ იბრძვიან, გადარჩენისთვის, მშვიდობისთვის,  და მომავლისთვის. სხვა ფოტოებზე კი  –  მათი აწმყოა.

ნინი ჯალაბაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend