კომიქსი – ასე ჰქვია ვიზუალური ხელოვნების ფორმას, რომელიც ილუსტრაციებითა და ტექსტებით სხვადასხვა ამბავს ყვება.
დროსთან ერთად ის ლიტერატურის ნაწილიც გახდა. ზოგი კომიქსი ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებას აღწერს, ზოგიც ისტორიულ ამბებს ან სუპერშესაძლებლობების მქონე პერსონაჟებზე მოგვითხრობს.
2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი სწორედ კომიქსზე დაფუძნებული ნამუშევარია, სახელწოდებით „სპაიდერმენი – სახლისკენ გზა არ არის“.
თუკი გუგლის საძიებო ველში ჩაწერთ კითხვას, რომელი იყო 2021 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი, ერთ-ერთი ონლაინ პლატფორმის, „numbers“-ის მონაცემებს ნახავთ, პირველ 4 ადგილს კომიქსებით შთაგონებული ფილმები იკავებს.
ამ ფილმების წარმატების უკან კომიქსების თაყვანისმცემლები დგანან. ისინი თითოეული ახალი კომიქსის ეკრანიზაციას მოუთმენლად ელიან. სანდრო ღვინერია სწორედ ერთ-ერთი მათგანია. მისი თქმით, ყველაფერი ერთი ბავშვური ოცნებით დაიწყო.
„ყველას უნდოდა ერთხელ მაინც ყოფილიყო სპაიდერმენი ან რომელიმე სუპერგმირი ან რაღაც სუპერძალა ჰქონოდა, ამ ფილმების ნახვის მთავარი ‘მუღამი“ ეგაა, რასაც ბავშვობაში წარმოვიდგენდი ან ვთამაშობდი, ახლა შემიძლია, რომ ვუყურო. რომ კითხულობ, საერთოდ სხვა ემოციაა, მაგრამ როცა უყურებ უფრო მეტად წარმოვიდგენ ჩემს თავს ბავშვობაში“, -ამბობს სანდრო ღვინერია.
კომიქსების თაყვანისმცემლებს თავიანთი ტრადიციები აქვთ. მაგალითად სანამ სუპერგმირების ამბებს ეკრანზე ნახავენ, საყვარელი პერსონაჟების შესახებ ბევრ ინფორმაციას ეცნობიან და ერთმანეთს სცენარის განვითარების შესაძლო ვერსიებს უზიარებენ.
„როცა მოლოდინი მაქვს და ვიცი, რომ თრეილერი ამ პერიოდში უნდა დაიდოს, ათვალიერებ ყველა სოციალურ მედიას. გინდა, რომ არაფერი გამოგრჩეს, გინდა, პირველმა ნახო ყველაფერი. ჯერ კიდევ მაშინ “იუთუბი” რომ ვერ თვლის რომელიმე ვიდეოზე ნახვების რაოდენობას, გინდა პირველმა შეიგრძნო ის, თუ რას უნდა ელოდო“. – გვიზიარებს სანდრო.
კინოინდუსტრიაში, კომიქსებზე დაფუძნებულმა ფილმებმა საკუთარი ნიშა მოიპოვა – კინოს მოყვარულები, კრიტიკოსები და ისინი, ვინც კარგად იცნობენ სუპერგმირების ამბებს, ამ ფილმების პოპულარობის არაერთ მიზეზს ასახელებენ.
“ეს არ არის ისეთი ფილმები, რომელიც სიღრმეებზე ჩაგაფიქრებს, თუმცა არის გამონაკლისები, მაგრამ ზოგადად მოცემულობა არის ის, რომ ეს არის ფილმები რაზეც გაერთობი და ნახავ სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე. ეს არის ფაბულა, რასაც ეფუძნება ყველაფერი, არა მხოლოდ კომიქსები. კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ ფილმები ფერადია. ალბათ ეს ხდება იმის მიზეზიც, რატომაც “მარველის” ფილმები ჯობია დისის ფილმებს, თუმცა ეს არ ეხება კომიქსებს. ამაზე დაუსრულებლად შეიძლება კამათი“, – ამბობს ჟურნალისტი სანდრო რაჩკოვსკი.
ის, რაც უკვე ეკრანზეა გამუდმებული განხილვისა და საუბრის საგანია. ახლა ამ ჟანრის მოყვარულები ახალი ფილმების მოლოდინში არიან.
“თრეილერებს” არჩევენ და ელიან, თუ როგორ გადავლენ მათი საყვარელი კომიქსების სუპერგმირები კინოეკრანებზე.
ნინი ჯალაბაძე