მთავარიევროპაუკრაინაბრძოლა მარიუპოლისთვის გრძელდება

ბრძოლა მარიუპოლისთვის გრძელდება

უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში აზოვსტალის ფოლადის ქარხნის მთავარი დამცავი ძალების მეთაური ამბობს, რომ რუსული ჯარები შეიჭრნენ ქარხანაში, საიდანაც გასულ კვირას ალყაში მოქცეული მშვიდობიანი მოსახლეობის  ევაკუაცია მოხდა.

“მიმდინარეობს სასტიკი, სისხლიანი ბრძოლები. მე ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, მტრის თავდასხმის შესაკავებლად არაადამიანური ძალისხმევით რომ იბრძვიან. მადლობას ვუხდი მთელ მსოფლიოს მარიუპოლის უზარმაზარი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ჯარისკაცები ამას იმსახურებენ”,-განაცახადა აზოვის პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ.

300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე როგორც მარიუპოლიდან, ისე  ოთხი სხვა ქალაქიდან ევაკუირებულია უკრაინის მიერ კონტროლირებად ზაპორიჟიეში. ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის მეორე წარმატებული ოპერაცია.

ამასთან, რუსეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით უფრო მეტი ჰუმანიტარული დერეფანი შეიქმნება, რათა შესაძლებელი გახდეს მოქალაქეების გაყვანა.

უკრაინაში, ქალაქ დონეცკში დაბომბვის შედეგად განადგურდა ნავთობის საცავი. ოთხშაბათს ღამით კი უკრაინის ქალაქებში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა სირენების ხმა, მოსახლეობას საჰაერო თავდასხმების საფრთხის შესახებაც აფრთხილებდნენ.

დნიპროში, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რკინიგზაც განადგურებულია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს ტერორიზმსა და რაკეტების გამოყენებაში ადანაშაულებს.

„ამ ომის ნამდვილი უბედურება და რეალური პრობლემა, რომელიც უკრაინისთვის საფრთხის შემცველია, არის რუსული რაკეტები, რომლებსაც  უკრაინის სხვადასხვა  ქალაქში მთელი დღის განმავლობაში ყველა მიმართულებით ისვრიან. გაზვიადებული არ იქნება იმის თქმა, რომ უკრაინაში ყველა ადგილი შესაძლოა სამიზნე გახდეს. თუ ვიმსჯელებთ რუსი მეთაურების მიერ არჩეულ სამიზნეებზე, ჩვენ გვაქვს ყველა მიზეზი, ვთქვათ, რომ რუსეთი მიმართავს სარაკეტო ტერორიზმის ტაქტიკას, რათა შეაშინოს უკრაინელები“, – ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

ამასთან, ბელარუსში  სამხედრო წვრთნები დაიწყო. ბელარუსის ხელისფულება კი აცხადებს, რომ მიმდინარე სამხედრო წრთვნები მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend