რუსი სამხედროების განცხადებით, საარტილერიო შეტევის შედეგად მათ 310 უკრაინელი ჯარისკაცი და 53 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს.
რუსული არმიის სამიზნე 6 უკრაინული ელექტროსადგურიც გახდა.
უკრაინის გენშტაბში სახელმწიფოს ენერგო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ფაქტს ადასტურებენ.
პრესმდივანი ოლექსანდრ შტუპუნი ამბობს, რომ უკრაინულმა არმიამ ბოლო 24 საათში დონბასის რეგიონში ოკუპანტების 12 შეტევა მოიგერია.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში მტრის 12 შეტევა მოვიგერიეთ, გავანადგურეთ რუსული არმიის 6 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა და 15 ჯავშანმანქანა. დიდი დანაკარგების ფონზე, მტერი შეტევითი სამხედრო ოპერაციების წარმოებას განაგრძობს“, – განაცხადა უკრაინის გენერალური შტაბის პრესმდივანმა ოლექსანდრ შტუპუნიმ.
ევროკავშირის მაღალჩინოსანი, ურსულა ფონ დერ ლეიენი წევრი სახელმწიფოების მეთაურებს მოსკოვისათვის სანქციების მეექვსე პაკეტის დაწესების ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის ყველაზე მსხვილი ბანკისთვის შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია მეტი რუსული ბანკის ეგრეთ წოდებული SWIFT – ის სისტემიდან გამოთიშვა და ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა.
“დღეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს წარვადგენთ. პირველ რიგში სანქციები რუს სამხედრო მაღალჩინოსნებს დაუწესდებათ, მათ ვინც ბუჩაში სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, მათ ვინც პასუხისმგებელია მარიუპოლის არაადამიანურ ალყაზე. ეს კრემლისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია, პასუხი მოგეთხოვებათ, ეს არ შეგრჩებათ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი შეიარაღების მწარმოებელ ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიას ეწვია და მათ უკრაინისათვის მიწოდებული იარაღის შექმნისათვის მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტის თქმით, ამერიკულმა იარაღმა უკრაინას ომში გამარჯვების შანსი მისცა.
“თქვენი დამსახურებით უკრაინელი ერი თავს იცავს და ხშირ შემთხვევაში რუსულ არმიას ასულელებს. უკრაინულ არმიის წარმატებული ბრძოლა დიდწილად თქვენს მიერ წარმოებული იარაღის დამსახურებაა, თქვენს მიერ შექმნილი შეიარაღებით რუსეთის ფედერაცია სტრატეგიულ მარცხს განიცდის“, – აცხადებს ჯო ბაიდენი.
დასავლეთ უკრაინულ ქალაქ, ლვივზე რუსული სარაკეტო შეტევის შედეგად ელექტროსადგურები და ორი წყალსაცავი დაზიანდა.