მთავარისაქართველო"ძალიან დიდი დახმარება გამიწიეს დევნილებმა აფხაზეთიდან" - უკრაინიდან ლტოლვილი "ევრონიუს ჯორჯიას"

“ძალიან დიდი დახმარება გამიწიეს დევნილებმა აფხაზეთიდან” – უკრაინიდან ლტოლვილი “ევრონიუს ჯორჯიას”

უკრაინიდან ლტოლვილი, ელენა ვერჰუზი და მისი ორი შვილი საქართველოში თითქმის ორი თვეა ცხოვრობენ. ახლა მან მისი უმცროსი ვაჟი, ხუთი წლის დამირი, ქართულენოვან ბაღში მოიყვანა. როგორც ელენა ამბობს, დამირი თანდათან ქართულ ენასაც სწავლობს და ქართველ ბავშვებთან ურთიერთობას იწყებს. ელენამ გაიხსენა ის დღე, როდესაც უკრაინის დატოვება გადაწყვიტა.

„17 წლის წინ ჩემი ერთ-ერთი მეზობელი საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. ის აქ დაოჯახდა. ნახევარი წლის წინ კი იგი გარდაიცვალა. ომის დაწყების შემდეგ, სრულიად შემთხვევით მისმა მეუღლემ მიპოვა და მომწერა, რომ საქართველოში მასთან თავშესაფარი მექნებოდა. გადაწყვეტილება თვენახევრის განმავლობაში ვერ მივიღე. ჩემი ქმარი სამხედროა. მან ძალიან მთხოვა ბავშვები ქვეყნიდან წამეყვანა და მათზე მეფიქრა. აქტიური საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, დავთანხმდი. იმ იმედით, რომ ბავშვების გადასარჩენად ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. მას შემდეგ, რაც ხალხმა ჩვენს შესახებ გაიგო, ჩვენ შეგვხვდნენ საბავშვო ბაღის, „ოლიმპის“ ხელმძღვანელები. მათ შემოგვთავაზეს დამირის ბაღში მიყვანა მეორე დღეს ჩვენც აქ მოვედით. ჩემი შვილი აქ ძალიან თბილად მიიღეს. აღებ კარს და ყველა ფერადი ბუშტებით გხვდება, ბავშვები საჩუქრებს გჩუქნიან. ქართველმა ბავშვებმა საქართველოსა და უკრაინის დროშები დახატეს. დამირს ბაღში ძალიან მოსწონს. ის ნელ-ნელა ქართულ სიტყვებსაც სწავლობს. ზოგჯერ ქართულად მელაპარაკება. მე კი ვერ ვიგებ რას ამბობს. მან ბაღში ქართველ ბავშვებთან ურთიერთობაც დაიწყო“, – გვიამბობს ელენა.

საქართველოში ელენამ მუშაობის დაწყებაც შეძლო. ის ამბობს, რომ ამ ყველაფერში ქართველ ხალხს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.

„მე სამუშაობს ძებნა დავიწყე და სრულიად შემთხვევით წავაწყდი ფეისბუკჯგუფს სახელად „ემიგრანტები საქართველოში.“ ამ ჯგუფში ვნახე განცხადება, რომ სალონში მანიკიურის  სპეციალისტი სჭირდებოდათ. უკრაინაში ეს ჩემი ჰობი იყო, რასაც ჩემთვის დამატებითი შემოსავალი მოჰქონდა. ამიტომაც გადავწყვიტე იქ მუშაობა. ამ სალონში სრულიად შემთხვევით ერთი ქართველი გოგო შემოვიდა. მე მისი ძალიან მადლიერი ვარ, რადგან სწორედ მისი წყალობით ჩვენს შესახებ იმ ხალხმა გაიგო, რომლებიც შემდეგ ძალიან დაგვეხმარნენ. მათ გვაჩვენეს, რომ საქართველო პატარა, ლამაზი, და კეთილი ადამიანებით მდიდარი ქვეყანაა. მათ მოჰქონდათ ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები, სათამაშოები… ძალიან დიდი დახმარება გამიწიეს დევნილებმა აფხაზეთიდან. ისინი ჩემს ანგარიშზე თანხას რიცხავდნენ წარწერით „დიდება უკრაინას.“ მე მივხვდი, რომ ეს ის ხალხია, რომლებმაც თავის დროზე ზუსტად ის ტკივილი და დანაკარგი განიცადეს, რასაც უკრაინელები განიცდიან. მათ იციან ეს რას ნიშნავს”, – გვიზიარებს ელენა.

ელენას თქმით, დამირს ომის ტრავმა დარჩა. ის ბევრს არ საუბრობს და დედასთან ახლოს ყოფნა ურჩევნია. ასე თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს.

ელენა ამბობს, რომ საქართველოში მყოფ უკრაინელებს არაფრის უნდა ეშინოდეთ, რადგან საკმარისია დახმარება ითხოვო, რომ მაშინვე გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც აუცილებლად დაგიდგებიან გვერდში.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend