აზოვსტალის ქარხანა ინტენსიურად იბომბება, ის უკრაინელებისთვის ერთადერთი დასაყრდენი ადგილია ალყაში მოქცეულ მარიუპოლში. ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 156 დევნილი, რომლებიც 2 თვის განმავლობაში აზოვსტალის მიწისქვეშა თავშესაფრებსა და გვირაბებს აფარებდნენ თავს, ზაპორიჟიაში ჩაიყვანეს. როგორც ვარაუდობენ, 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ჯერ კიდევ თავშესაფარში რჩება.
აზოვსტალის ქარხნიდან გამოყვანილი ერთ-ერთი მოქალაქე ანა ჰყვება, რომ ქარხანას გამუდმებით ბომბავდნენ, დღისითაც და ღამითაც. ბავშვები ვერ იძინებდნენ და სულ ტიროდნენ. დაბომბვის ხმა არ წყდებოდა. ანას არც ეგონა, იქიდან ოდესმე თუ გამოვიდოდნენ.
უკრაინაში გაეროს მუდმივი კოორდინატორი ჰუმანიტარულ საკითხებში ოსნატ ლუბრანი ამბობს, რომ ევაკუაციის პირველი ეტაპი წარმატებულად დასრულდა. თუმცა ყველას გამოყვანა ჯერ ვერ მოახერხეს. ქარხნის უზარმაზარი ტერიტორიიდან გამოღწევაც რთულია. ზოგიერთი, როგორც ჩანს, შიშის გამო არ გამოდიოდა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა კიდევ უფრო გააძლიერა შეტევები. 21 ადამიანი დაიღუპა დონეცკის ოლქში. იერიში მიიტანეს ლვივზეც, დაიჭრა 2 ადამიანი.
ლვივის მერის ანდრიი სადოვის განცხადებით, რუსი სამხედროების სამიზნე 3 ელექტროქვესადგური იყო. ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია. თავდასხმის დროს დაშავდნენ ადამიანები, რომლებსაც ახლა დახმარებას უწევენ.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსი სამხედროები თავს დაესხნენ დნესტრისპირეთის ინფრასტრუქტრულ ობიექტებსა და რკინიგზის 6 სადგურს მთელი ქვეყნის მასშტაბით.