მთავარისაქართველოოპოზიცია ევროკავშირის კითხვარის შევსების პროცესში ჩართვას და პასუხების გასაჯაროებას ითხოვს

ოპოზიცია ევროკავშირის კითხვარის შევსების პროცესში ჩართვას და პასუხების გასაჯაროებას ითხოვს

საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არ ყოფილა ჩართული ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარის პირველი ნაწილის შევსების პროცესში, მიიჩნევს, რომ მთვარობის მიერ კითხვებზე გაცემული პასუხები უნდა გასაჯაროვდეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს ქართველი ხალხის სახელით რა პასუხები გასცა მთავრობამ ევროკავშირს. ასევე იმის შესაფასებლად, თუ რამდენად კვალიფიციურია ეს პასუხები.

საპარლამენტო ოპოზიცია ასევე ითხოვს, რომ კითხვარის მეორე ნაწილის შევსების პროცესში, რომელიც უფრო მეტ დროს მოითხოვს, მიეცეთ საშუალება ჩაერთონ და ეს გზა მეტად ინკლუზიური იყოს.

“ამ კითხვარის კვალიფიციურად შევსების საკითხზე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავრობასთან ერთად, ოპოზიციასაც ეკისრება. ამიტომ გვჭირდება, რომ ხელისუფლებამ გაასაჯაროოს ის პასუხები, რაც კითხვარის პირველ ნაწილში ჩაიწერა. ამის გარდა, საზოგადოებას აქვს უფლება ყველაფერი იცოდეს. თუ რაიმე ისეთი დეტალია, რომლის გასაჯაროებაც საფრთხეს წარმოადგენს, შესაძლოა დახურულ შეხვედრაზე გაგვანდონ. ასევე, ჩვენ გამოვთქვამთ სურვილს და მზაობას, მონაწილეობა მივიღოთ კითხვარის მეორე ნაწილის შევსებაში. მთავარია, გაგრძელდეს რეფორმების პროცესი და ხელისუფლებამ შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რათა ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს“, – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა პარტია „ლელო“-დან ლანა გალდავამ.

მმართველ პარტიაში კი კვლავ აცხადებენ, რომ კითხვარის პირველი ნაწილის შევსების პროცესში საკმარისი იყო სამინისტროების ჩართულობა და 369-ვე კითხვას მაღალი კვალიფიკაციის პასუხები გაეცა.

დოკუმენტის გასაჯაროების  საკითხზე კი „ქართული ოცნების“ საბოლოო პოზიცია უცნობია. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილს, რომელიც ბრიუსელში შეხვედრებს მართავს, იმედი აქვს, რომ ევროკავშირი პოლიტიკურ კონტექსტს გაითვალისწინებს.

“მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ერთდროულად მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი – ეს არის ოფიციალური თბილისის მთავარი გზავნილი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სამუშაოა ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რადგან პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მთავარი. ძალიან კონსტრუქციულ გარემოში მიდის დიალოგი ევროპარლამენტის წევრებთან და ძალიან ღირებული რჩევებიც მივიღეთ, თუ როგორ უნდა იაროს საქართველომ კანდიდატობამდე და შემდგომ. მზაობაა კოლეგების მხრიდან, რომ მაქსიმალურად დაგვიჭირონ მხარი ამ პროცესში, ვინაიდან ევროკავშირში გაწევრიანება კიდევ ცალკე პროცესია, რომელიც ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება პარტნიორების მხარდაჭერას“, – აცხადებს ბოჭორიშვილი.

საქართველოს ევროკავშირისგან კითხვარის ორი ნაწილი გადაეცა. 369 კითხვისგან შემდგარი შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი, ორ მაისს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს გადასცა.

კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილი გაცილებით დიდია. ის 33 თავს და 2300-მდე კითხვას მოიცავს. კითხვარის მეორე ნაწილის მიწოდების თარიღად ევროკავშირმა 13 მაისი განსაზღვრა, თუმცა, საქართველოს მთავრობის სურვილია, ევროკავშირს კითხვარი მაქსიმალურად მოკლე ვადაში, დათქმულ ვადამდე მიაწოდოს.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend