ძველი ქართული ზღაპარი “წიქარა” ილუსტრაციებში გაცოცხლდა. საყვარელ ზღაპრულ ამბავს რეალური ნივთები ჰყვებიან.
გამოფენა სახელწოდებით „წიქარა- მუზეუმი მუზეუმში“ პირველად 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართა. სწორედ იქ გამოიფინა ზღაპრისთვის შექმნილი პირველი ილუსტრაციები. ამჯერად, გამოფენას თიბისი კონცეპტის სივრცე მასპინძლობდა.
გამოფენაზე შესვლისთანავე დამთვალიერებელი გრძნობს, რომ ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურებს წიქარასთან და ბიჭთან ერთად, რომლებიც სახლიდან ბოროტ დედინაცვალს გამოექცნენ. სივრცე ზღაპრის მთავარი ეპიზოდების მიხედვით შეიქმნა. აქ შეხვდებით სახლს, სარკეს, სავარცხელს, სალეს ქვას, ცხრაკლიტულს…
ყველა ნივთს კი თავისი ლეგენდა აქვს – მაგალითად სავარცხლის ამბავი ასეთია:
„სავარცხელი ერთმა მონადირემ საღორიის ტყეში ნადირობისას იპოვა, თავდაპირველად ის ნადირობის ქალღმერთის დალის ჯადოსნური თმის სავარცხელი ეგონა, ძალიან შეეშინდა აქვე ახლოს არ იყოსო, მაგრამ შემდეგ გაახსენდა რომ დალი სვანეთში ცხოვრობდა და სავარცხელი შინ წამოიღო, მეორე დღეს გაღვიძებულმა აღმოაჩინა, რომ ყოველი ნერგი ერთ ღამეში უზარმაზარ ხედ ქცეულიყო. ამის შემდეგ ითვლება, რომ ეს სავარცხელი გადააგდო წიქარასთან ერთად გაქცეულმა ბიჭმა და შედეგად გაჩნდა საღორიის ტყე“.
გამოფენას სტუმრობენ ბავშვები, რომლებისთვისაც საყვარელი ზღაპრის პერსონაჟები რეალური ხდება. მათი თანხმხლები უფროსები კი არანაკლები ინტერესით და სიამოვნებით მიჰყვებიან ზღაპრულ რეალობას.
„დღეს გამოფენას შვილიშვილთან ერთად ვეწვიე, ძალიან საინტერესოა, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ზღაპარი, ამბები და მოვლენები. ძალიან საინტერესო იყო ის რომ ეს ყველაფერი თვალნათლივ დაინახო, გნებავთ სურათზე ასახული ან გნებავთ მოდელის სახით. თუ ეს ხშირად იქნება ჩვენი შვილიშვილებიც და ჩვენც გავხალისდებით და დავბრუნდებით ბავშვობაში“, – გვიზიარებს შთაბეჭდილებებს გამოფენის დამთვალიერებელი ტატიანა ავალიანი.
„ მეოთხე კლასის მოსწავლეებთან ერთად ვარ, წიქარა პროგრამაში შევიდა, გავლილი აქვთ, როცა გავიგეთ, რომ ასეთი უნიკალური ნამუშევრებია გამოფენილი, გვინდოდა ბავშვებს ენახათ. თანაც ზღაპრის რამდენიმე ვერსია იციან და შედარება გავაკეთეთ, ისეთი რაღაცებიც ნახეს, რაც არ იცოდნენ და, რაც მთავრია, ისეთი შთაბეჭდილება დარჩათ, რომ ეს ნამდვილია“, – ამბობს სკოლის მასწავლებელი ნაზი მოზაიძე.
„ძალიან მომეწონა წყლის ბოთლისგან გაკეთებული ნივთი, სილიკონისგან და ცხელი წებოსგან, რომ არის გაკეთებული“, – ამბობს მეოთხე კლასის მოსწავლე ოთო კიკნაძე.
„ყველაზე მეტად სავარცხელი მომეწონა, კიდევ ის სადგისი, დედაბერმა, რომ ცხვარს ჩაარჭო ნამდვილი მეგონა„, – ამბობს მეოთხე კლასის მოსწავლე გიორგი მაისურაძე.
გამოფენაზე შეხვდებით რუკას, სადაც წიქარას და ბიჭის გადაადგილების მარშრუტია… ნახავთ მათ სახლს და ცხრაკლიტულს, სადაც ბიჭი იყო დატყვევებული.
ამ ზღაპრული სამყაროს შექმნაში მხატვარ გიო ჯინჭარაძესთან ერთად კიდევ სამი ხელოვანი მონაწილეობდა. მათ ეს იდეა გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაუჩნდათ.
„სივრცე სადაც ვმუშაობდით იყო გერმანული ზღაპრის მუზეუმი, შემდეგ გაგვიჩნდა იდეა, რომ ჩვენც გაგვეკეთებინა, რომელიმე ქართული ზღაპრის მუზეუმი. წავიკითხეთ ბევრი ზღაპარი და მივედით დასკვნამდე რომ ეს ზღაპარი ძალიან განსხვავებულია და თან ძალიან ქართულია. მე ძალიან მომწონს ფინალი, როდესაც წიქარა ცხრაკლიტულშია, საერთოდ ცხრაკლიტული ძალიან მაინტერესებს, როგორც შენობა“, – ამბობს მხატვარი გიო ჯინჭარაძე.
გამოფენა დასრულდა… უფროსი დამთვალიერებლები ამბობდნენ, რომ მან ისინი ბავშვობაში დააბრუნა. პატარები კი თავიანთ საყვარელ სამყაროში აღმოჩნდნენ, სადაც ზღაპრები ყოველთვის რეალურია.
ნინი ჯალაბაძე