უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის მიერ მიტანილ სარაკეტო იერიშს 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა.
მოსკოვში განაცხადეს, რომ მათ გაანადგურეს სარკინიგზო ხიდი, რომელიც მდინარე დნესტრზე გადიოდა. ამ იერიშით მათ შეაფერხეს იარაღისა და იმ ტვირთის მიწოდება, რომელიც რუმინეთიდან მოდიოდა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი ახალ საბრძოლო ფრონტს ხსნის.
აღმოსავლეთი უკრაინა კვლავ რჩება რუსეთის მთავარ სამიზნედ. ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს კადრებს, როგორ იწვის ლუჰანსკის სკოლის ისტორიული შენობა. შეერთებულ შტატებში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთი დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ანექსიას გეგმავს.
მაიკლ კარპენტერი, აშშ-ის ელჩი ეუთოში ფიქრობს, რომ რუსეთი ეცდება ლუჰანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ანექსიას. ანგარიშში ნათქვამია, რომ ისინი რუსეთთან შეერთების მიზნით მაისის შუა რიცხვებისთვის რეფერენდუმის გამართვას აპირებენ
უკრაინის დედაქალაქში ადგილობრივები აღდგენით სამუშაოებს ატარებენ. ერთი თვის წინ კიევის რეგიონის ჩრდილოეთი ნაწილი ოკუპირებული იყო რუსული ძალების მიერ. როდესაც მათ უკან დაიხიეს, საგანგებო მუნიციპალურმა ჯგუფებმა და მოხალისეებმა დაიწყეს მუშაობა ძირითადი საჭიროებების – ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების აღსადგენად.
დანია პირველი სკანდინავიური ქვეყანა იყო, რომელმაც საელჩოს წარმომადგენლები დააბრუნა კიევში. ახლა მას მოჰყვება შვედეთი, რომლის საელჩო ხვალ, 4 მაისს, განაახლებს მუშაობას.