როგორია მედიაგარემო საქართველოში, რა გამოწვევების წინაშე დგას და რა ახალი გზები შეიძლება დაისახოს პრობლემების გადასაჭრელად? – ამ საკითხებზე მსჯელობდნენ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს გამართულ კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა“ და მედიის კოალიციის თაოსნობით გაიმართა.
შეხვედრაზე მრავალ საჭირბოროტო საკითხზე ისაუბრეს – ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, მედიის პოლარიზაციაზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და ეთიკის საკითხებზე.
იყო ახალი იდეები და ინიციატივებიც. ეს ინიციატივა მოიცავს თანარეგულირების მექანიზმის შემოღებას, საერთო სააპელაციო საბჭოს შექმნას, რომელშიც გასაჩივრდება თვითრეგულირების პირველ ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილებები.
ახალი ინიციატივის მიხედვით, ეს მექანიზმი ითვალისწინებს მარეგულირებელი ორგანოს, მაუწყებლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.
“ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ საქართველოში მედია პლურალიზმი არსებობს. მედიაგარემოს განხილვისას, ჩვენ ვსაუბრობთ ნაცნობ საკითხებზე: მედია პოლარიზაციაზე, დეზინფორმაციასა და თვითრეგულირების ეფექტიანი საშუალებების პოვნის პრობლემებზე. 5 ივლისს მომხდარი მოვლენები ძალიან სერიოზულად აღვიქვით. ეს არის ის საკითხი, რომელზეც დღესაც ვისაუბრეთ, რადგან ჟურნალისტებისთვის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.
“ყველაზე რთული იყო სწორედ უსაფრთხოების საკითხები. 5 ივლისს ჩვენ ვნახეთ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა. ხელისუფლებას არ დაუფიქსირებია საჯაროდ ის თუ რამდენად მნიშვნელოვანია პრესის თავისუფლება. დღეს ყველას და განსაკუთრებით ხელისუფლებას აქვს ვალდებულება იზრუნოს, როგორც ქვეყნის რეპუტაციაზე, ასევე თითოეული ჟურნალისტის და ოპერატორის დაცვაზე”, – ამბობს კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის კოორდინატორი, ნათია კაპანაძე.
კონფერენციის მეორე ნაწილი მედიის, როგორც პროპაგანდის საშუალების განხილვას დაეთმო, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის კონტექსტში. ისაუბრეს იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოში რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ.
“ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა უკრაინაში მიმდინარე ომი. ევროკავშირმა აკრძალა ის მედიები, რომლებიც რუსულ პროპაგანდას ეწევიან. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ასე არ მოხდა. ვისაუბრეთ რუსულ მედიაზე, რომელიც პროპაგანდას ავრცელებს ქვეყანაში. ამავე დროს ვისაუბრეთ იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ საქართველოში”, – განაცხადა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.
ქართული მედიაგარემოს შეფასებისას, კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მედიის თავისუფლების გამოწვევებს შორის არის მედიაპოლარიზაცია, ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და კრიტიკულ მედიაზე ზეწოლა.