მთავარისაქართველო„მწვანე, წითელი, ლურჯი“

„მწვანე, წითელი, ლურჯი“

ქართულ-ამერიკული ურთიერთობის 30 წლის იუბილე გამოფენით აღინიშნა

ამიერკავკასიის ხალხების, წარსულისა და მათი ყოფის ამსახველი ფოტოების ნახვა მსურველებს თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში შეუძლიათ.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან, საბჭოთა ოკუპაციამდე საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი –  მეზობელი ქვეყნები, მეზობელი ხალხი, მათი სიხარული და ტკივილები… აი ეს არის ასახული გამოფენაზე წარმოდგენილ 100-ზე მეტ ფოტოზე.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი მთელი რეგიონისათვის, ვინაიდან ეს ინდუსტრიული რევოლუციის დასაწყისია, რომელიც ამავდროულად ევროპის კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობასთან ინტეგრაციის დასაწყისიცაა“, – ამბობს გამოფენის კურატორი ნესტან ნიჟარაძე.

ფოტოგრაფია, სწორედ იმ პერიოდში გამოჩნდა და მაშინვე მოხიბლა მსოფლიო საოცარი უნარით, ყველაზე უკეთ გადმოეცა რეალობა.

ფოტოგრაფებმა ამ რეალობის გადაღება დაიწყეს და სწორედ ამის წყალობით შეგვიძლია დღეს ასე ნათლად დავინახოთ წარსული: ნავთობის მოპოვება ბაქოში, ბორჯომის მინის ქარხანა, ბათუმის ნავთობის ცისტერნების უბანი…

გამოფენილი ფოტოები საოცარი ფოტოგრაფების მიერაა გადაღებული,  ეპოქის ფოტოგრაფების –  დიმიტრი ერმაკოვის, სერგეი პროკუდინ-გორსკის, ალექსანდრე როინაშვილისა და სხვების.

„საოცარი შესაძლებლობაა, რომ ამ სამი ერის ისტორიულ ფოტოებს გავეცნოთ. განსაკუთრებით საინტერესოა, სამი კულტურის თავსებადობა – როგორ ჰარმონიულად ერწყმიან და ავსებენ ერთმანეთს“, – ამბობს დამთვალიერებელი მარია.

ამ ექსპოზიციის შექმნა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი და იგი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის 30 წლის იუბილეს დღეებში, სწორედ ამ ურთიერთობის აღსანიშნად გაიმართა.

„ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ თანამშრომლობს საქართველოს კულტურულ ინსტიტუტებთან. როგორც იცით, წელს აშშ-სა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავს აღვნიშნავთ, თუმცა რეალურად ჩვენი მეგობრობა უფრო მეტ წელს ითვლის. და ეს გამოფენა, სწორედ ამის გამოხატულებაა“, –  კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

ფოტოები, ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის კოლექციებში  დაცული მასალის ნაწილია, რომლის გამოფენაც თბილისის ფოტოფესტივალსა და ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის ფოტოგრაფიის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი. ექსპოზიციაზე საქართველოს ეროვნული არქივის კოლექციებში დაცულ ფოტოებსაც იხილავთ, მათ შორისაა დიმიტრი ერმაკოვის კოლექციაც.

სამ ფერში წარმოდგენილი არაჩვეულებრივი გამოფენის ნახვა მსურველებს 25 მაისის ჩათვლით შეეძლებათ.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend