მთავარი საქართველო „კოალიცია თანასწორობისთვის“ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

„კოალიცია თანასწორობისთვის“ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

ლგბტქი პირთა უფლებრივი მდგომარეობა, ქალთა უფლებები, არადომინანტური რელიგიური გაერთიანებები, მედია… ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომელზეც „თანასწორობის კოალიციის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი.

ანგარიშში ერთ-ერთი საკითხი ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებს ეხება. დოკუმენტის მიხედვით, ნინოწმინდის პანსიონის მოქმედებები უშუალო ზიანს აყენებდა ბავშვების ჯანმრთელობასა და განვითარებას და ეწინააღმდეგებოდა ბავშვებზე ზრუნვის ყველა სტანდარტს.

ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია ლგბტქი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე და ნათქვამია, რომ  წინა წლების მსგავსად, ორგანიზატორებს 2021 წელსაც არ მიეცათ „ღირსების მარშის“ ჩატარების შესაძლებლობა. ხელისუფლების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის მხრიდან კი იყო ჰომოფობიური განწყობების წამახალისებელი არაერთი განცხადება.

„ძირითად მიგნებებზე თუ ვისაუბრებთ, შეიძლება ითქვას, რომ კოვიდპანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა დაუცველი ჯგუფების მდგომარეობა საქართველოში. გარკვეულ შემთხვევებში კი გამოააშკარავა ის პრობლემები, რომელთა შესახებაც ვიცოდით. განსაკუთრებით მძიმეა ამ ანგარიშის და წლის მანძილზე. რამდენიმე თემა, ერთი ეს დაუცველ ბავშვთა თემა, მეორე ეს იყო ლგბტ პირთა დაცვის თემა და ჩვენ ვნახეთ 5 ივლისი“, – განაცხადა „ღია საზოგადოების ფონდის“ დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა.

ქალთა მიმართ ძალადობა რომ კვლავ აქტუალური თემაა – ამაზე ანგარიშშიცაა ყურადღება გამახვილებული. კვლევის მიხედვით, ეკონომიკური ძალადობა საქართველოში გავრცელებული, მაგრამ უხილავი პრობლემაა. ასევე პრობლემად რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიულ კოორდიინატორებად ჩართულ ქალებზე ზეწოლა და უკანონო საქმიანობაში მონაწილეობის იძულება. ანგარიშის მიხედვით, კვლავ რჩება გამოწვევად სქესობრივი ხასიათის დანაშაულები.

„სექსუალური ძალადობა ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთ მძიმე, დაფარულ და დაუსჯელ ფორმად რჩება. ჩვენ უკვე მრავალი წელია ვსაუბრობთ იმ თემაზე, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ არის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. კერძოდ, გაუპატიურებისა და სხვა ტიპის სექსუალური ხასიათის დანაშაულების დეფინიციები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ დეფინიციებს“, – აღნიშნა „საფარის“ წარმომადგენლემა, ნათია გამხიტაშვილმა.

ანგარიშში ყურადღება რელიგიურ საკითხებზეცაა გამახვილებული და აღნიშნულია, რომ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფაილებმა, ცხადყო, რომ ხელისუფლება ტოტალურად აკონტროლებს რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას.

„ძალიან მწვავე საკითხად წარმოჩინდა 2021 წელს სეკულარობის პრინციპის, ანუ რელიგიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის, ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვა და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პრინციპი ილახება და ამისი არაერთი მაგალით და დასტური იყო 2021 წელს. ერთი შეგვიძლია, განვიხილოთ 5 ივლისის მოვლენები და ეკლესიის მონაწილეობა და როლი 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში და დაუსჯელობა ორგანიზატორების, მათ შორის, სასულიერო პირების. ასევე არჩევნების პროცესში სასულიერო პირების, მაღალი რანგის სასულიერო პირების აქტიური მონაწილეობა მმართველი გუნდის პარტიის სასარგებლოდ“, – თქვა „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა, მაკო ღავთაძემ.

ანგარიშში მიმოხილულია სხვადასხვა აქციის დროს დაზარალებული ჟურნალისტები საქმეები. კერძოდ, საქმე ეხება 20-21 ივნისის აქციის დროსა და 5-6 ივლისის მოვლენების შედეგად დაშავებულ ჟურნალისტებს. თანასწორობის კოალიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება მედიისადმი დისკრიმინაციულია.

„კოალიცია თანასწორობისთვის“ იმედი აქვთ, რომ ეს ანგარიში დაეხმარება სახელმწიფო უწყებებს აღმოფხვრან დისკრიმინაცია და უზრუნველყონ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend