ინდოეთში უპრეცედენტოდ ძლიერი სიცხეებია. ქვეყანაში მცხოვრები მილიონობით ადამიანი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტემპერატურა უკვე გადასცდა 40 გრადუსს. მოქალაქეებს მოუწოდებენ, დარჩნენ შიდა სივრცეებში და დიდი რაოდენობით წყალი მიიღონ.
მოსახლეობა რთულ მდგომარეობაშია.ზოგს სახლში გამაგრილებელი საშუალება აქვს, თუმცა ელექტროენერგია ხშირად ითიშება. წყალი ისეთი დაბინძურებულია, რომ ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
გაუსაძლისი სიცხის გამო მაღაზიებში ბოსტნეულიც ლპება.
მეტეოროლოგები ამბობენ, რომ მცხუნვარე დღეები, რომლებიც მოსალოდნელზე ადრე დაიწყო, მოსავლის სეზონზეც ახდენს გავლენას. როგორც წესი, ასეთი სიცხეები ზაფხულის შუა პერიოდიდან იწყება.
ფერმერი სურეშ სინგჰი ამბობს, რომ ძლიერი სიცხეების გამო მოსავალი გაფუჭდა და, ფაქტობრივად, განახევრდა. ტემპერატურის მატებამ წყლის დონის დაწევაც გამოიწვია.
ინდოეთისთვის წლევანდელი მარტი ყველაზე ცხელი თვე გამოდგა. ექსპერტების თქმით, ბოლო დროს ტემპერატურა ხშირად იმატებს, რაც კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული.