მთავარისაქართველო7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე გაიმართა

7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე გაიმართა

დაცვის მხარის განმარტებით, ის სასამართლო სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ დაესწრო

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ბრალდებული მესამე პრეზიდენტის  გარეშე ჩატარდა. დაცვის მხარის განმარტებით, ის სასამართლო სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ დაესწრო. ადვოკატები ამბობენ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის უფლებებს არღვევენ და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას არ უწევენ.

„ისინი (სპეციალური პენიტენციური სამსახური) არ უწევენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას მიხეილ სააკაშვილს, არ აღიარებენ იმ შეცდომებს, რომლებიც დაუშვეს და არ აღიარებენ იმ მდგომარეობას, რომელიც მას აქვს. მათ არ სურთ, თვალი გაუსწორონ რეალობას, გაურკვეველი მოტივებით და საფუძვლებით ამბობენ ტყუილს და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება. დაცვის მხარე ამჟამად არ ითხოვს სასწაულის მოხდენას – ითხოვს, თავისუფლებააღკვეთილი ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

ომბუდსმენის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის მიერ 27 აპრილს გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ანორექსია, დეპრესია და კუნთების განლევა დაუდგინდა. ცენტრ „ემპათიაში“ მიაჩნიათ, რომ მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს დაუყოვნებლივ სჭირდება სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა და ინტენსიური თერაპია.

„მე-12 და მე-18 დაწესებულებაში მის მიმართ ხორციელდებოდა არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება და მკურნალობა, რამაც არასათანადო მოპყრობასთან ერთად, გამოიწვია მისი შიმშილობის გახანგრძლივება. დროულად არ იქნა დიაგნოსტირებული მაგალითად, ვერნიკეს ენცეფალოპათია, შემდგომ არაადეკვატურად წარიმართა ვერნიკეს ენცეფალოპათიის მკურნალობა. ცენტრ „ემპათიას“ არცერთი რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული, მათ შორის გორის ჰოსპიტალშიც“ – ამბობს ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მორიგ სამედიცინო დასკვნას ამზადებს.

ამ მოსაზრებებს იუსტიციის სამინისტროში არ იზიარებენ. მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს, 2 მაისს განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს საპატიმროში ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას უწევენ. მინისტრმა განმარტა, რომ პენიტენციურ სამსახურს ომბუდსმენის ინიციატივით შექმნილი კონსილიუმის დასკვნასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვს.

„საუბარი იმაზე, რომ თითქოს მას არ მიეწოდებოდა სამედიცინო მომსახურება, არის სრულიად დაუშვებელი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ასევე, საუბარი იყო იმის შესახებაც, რომ თითქოს მსჯავრდებული სააკაშვილი პენიტენციურმა სამსახურმა დატოვა კვების გარეშე, რაც ასევე არის ტყუილი. იგი უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით, მას აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ციხის მაღაზიაში არსებული ნებისმიერი საკვები პროდუქტი. ასევე, ის რეგულარულად იღებს ამანათებსაც. მას სრულად მიეწოდება ყველა ის მედიკამენტი, რომელიც სჭირდება, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ სააკაშვილი შერჩევით არ იღებს მედიკამენტების ნაწილს. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან მიწოდებულია ყველა ის მედიკამენტი, რომელსაც ის საჭიროებს“ – აცხადებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ითხოვს დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ისინი ამ მოთხოვნით  მასშტაბური აქციების დაწყებასაც გეგმავენ. სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ პენიტენციურ სამსახურში ჯერ არ საუბრობენ.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend