მთავარიევროპაუკრაინალოცვა უკრაინისთვის

ლოცვა უკრაინისთვის

ყოველდღე, საშინელი ამბები მოდის უკრაინიდან.

მთელი მსოფლიო დღეს უკრაინელ ხალხზე ფიქრობს და ცდილობს როგორმე დაეხმაროს მათ. ზოგი საკვებსა და მედიკამენტებს აგროვებს, ზოგი კი დგას და უბრალოდ, ლოცულობს. ლოცულობს უკრაინისთვის.

საგანგებო წირვის ხმები ისმის სხვადასხვა აღმსარებლობის ტაძრებიდან, თუ პატარა სამლოცველოებიდან. ეს ყველაზე მცირეა, რაც ხალხს შეუძლია ტანჯული უკრაინისათვის გაიღოს დღეს.

თბილისში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში, 27 აპრილს მართლმადიდებელი მრევლი იმისთვის შეიკრიბა, რომ სიცოცხლისა და მშვიდობისათვის ელოცა. მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი, ბელა ცუცქირიძე ამბობს: „ლოცვის დრო არის ზუსტად ახლა, მაშინ როდესაც ამოდენა ბოროტება ტრიალებს დედამიწაზე. ზუსტად ახლა არ უნდა დავკარგოთ რწმენა და ახლა უნდა მივმართოთ ღმერთს, რომ შეგვეწიოს“.

აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი, ეტიბარ ემინოვი ამბობს, რომ თბილისის მეჩეთში ხშირად დადიან უკრაინელი მუსლიმები. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ამ მეჩეთში ყოველდღე ლოცულობენ მშვიდობისათვის. განსაკუთრებით ახლა, რამადანის თვეს, როცა მუსლიმები მძიმე მარხვას იცავენ და კიდევ უფრო ხშირად დადიან მეჩეთში.

ეტიბარ ემინოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი: „ჩვენი წმინდა წიგნი მოგვიწოდებს, რომ კაცი არ ვკლათ და რომ ერთი კაცის მკვლელობა მსოფლიოს განადგურების ტოლფასია. ამიტომ, ჩვენ მუდმივად ვლოცულობთ ჩვენი მოძმე ხალხისთვის, უკრაინელებისთვის. ომის დასრულებისთვის და მშვიდობის დასადგურებისთვის.“

თბილისელმა ვაიშნავებმა უკრაინელი ლტოლვილები შეიფარეს. ისინი ყოველ კვირას თბილისის აშრამში იკრიბებიან და მედიტაციით ცდილობენ მშვიდობა მოიხმონ.

თბილისის ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში ყოველ პარასკევს ტარდება, სპეციალური ლოცვა უკრაინისთვის. ეს ლოცვა სიყვარულსა და სიკეთეზეა – ანუ იმაზე, რაც მშვიდობის დასამყარებლად არის აუცილებელი.

მალხაზ სონღულაშვილი, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი: „არავის აქვს გულუბრყვილო წარმოდგენა, რომ ლოცვით გაკეთდება ის საქმე, რაც ჩვენი გასაკეთებელია, მაგრამ ლოცვას შეუძლია შთაგვაგონოს, ძალა მოგვცეს, მოტივაცია შეგვმატოს, ასევე უნარი მოგვცეს დავუპირისპირდეთ უკეთურებას, ძალადობას, რომელსაც აქვს ადგილი ევროპის გულში“.

ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში, მშვიდობისთვის სალოცავად სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებიც იკრიბებიან ხოლმე. 3 აპრილს აქ მოვიდნენ ებრაელები, ქრისტიანები, მუსლიმები და იეზიდები რათა უკრაინაში ბოროტებაზე გამარჯვებისთვის ერთად ელოცათ…

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend