მოსკოვის შემდეგ გაეროს გენერალური მდივანი კიევში ჩადის – ანტონიუ გუტერეში დღეს, 28 აპრილს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. მანამდე გაეროს უმაღლესმა წარმომადგენელმა შეხვედრები გამართა ვლადიმერ პუტინთან და სერგეი ლავროვთან.
მოლაპარაკებების მთავარი საკითხი ბლოკადაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანაა. ქალაქი მარიუპოლი თითქმის ორი თვეა ალყაშია, იქ 100 ათასამდე მოქალაქე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში რჩება.
ამავდროულად, გაეროს წარმომადგენლები და ადამიანის უფლებადამცველები უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ომის შესაძლო დანაშაულისა და სისასტიკეზე საუბრობენ.
პასუხისმგებლობა და მართლმსაჯულება უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისთვის – ამის შესახებ საუბრობენ გაეროს წარმომადგენლები და ადამიანთა უფლებების დამცველები, რადგან სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება საერთაშორისო სამართლის დანაშაულისა.
უშიშროების საბჭოს არაფორმალური შეხვედრის შემდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო დანაშაული გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს. ამისთვის აუცილებელია ყველანაირი მეთოდისა და ტექნოლოგიის გამოყენება. საერთაშორისო სამართალი მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებაზე არ არის აგებული და ერთ ადამიანი არ წყვეტს საკითხს. საქმეს ასევე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეები განიხილავენ. ისინი შეაფასებენ მტკიცებულებებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებებს.
როგორც გაეროში აცხადებენ, უკრაინაში მიმდინარე ომს 2787 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ახლა გაერო „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტთან თანამშრომლობს და ყველაფერს აკეთებს, რომ ქალაქ მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეები გამოიყვანოს.