მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიინტერვიუ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, ხავიერ კოლომინასთან

ინტერვიუ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, ხავიერ კოლომინასთან

უკრაინაში რუსული ინტერვენციის ფონზე სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს საქართველოში უფრო მეტი ყურადღება ეთმობა. სახელმწიფოს თავდაცვის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი კი ნატოსთან თანამშრომლობას გულისხმობს.

ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით “ევრონიუს ჯორჯია” სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას ესაუბრა.

ევრონიუს ჯორჯია – მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპის კონტინენტზე ყველაზე დიდი სამხედრო დაპირისპირების მოწმენი ვართ.  სად გადის ნატოსათვის წითელი ხაზი ამ თვალსაზრისით, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაერთოს პროცესებში ნატო და რა ზომები მიიღება ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე?

ხავიერ კოლომინა, ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი  – როგორც თქვენ ამბობდით, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გამოწვევაა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის. მე ამ მოვლენას ტექტონიკურ ძვრას ვუწოდებ. ნატო იღებს შესაბამის ზომებს. ჩვენ  ვუწევთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას უკრაინას. უკვე გავზარდეთ როგორც ფინანსური, ისე ჰუმანიტარული მხარდაჭერა, ვეხმარებით მოკავშირეებს და უკრაინას ვაწვდით ქიმიური და ბიოლოგიური იარაღისგან თავდაცვით საშუალებებს. ასევე, ვიღებთ ზომებს, რომ ერთობლივი თავდაცვა გაძლიერდეს. მიზანი მოკავშირეების დაცვა და  იმ 100 მილიონზე მეტი ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა,  რომლებიც ალიანსის წევრი 30 სახელმწიფოს მოქალაქეები არიან. ჩვენ აღმოსავლეთ ფლანგზე ვზრდით საჰაერო და საზღვაო ძალების რაოდენობას. წამოვიწყეთ პროცესი, რომელიც დაეხმარება იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც რუსეთი აგრესიით ემუქრება. დარწმუნებული ვართ, ამ საკითხთან დაკავშირებით  მეტს ვისაუბრებთ. საქართველოსა და სხვა სახელმწიფოებს ალიანსისგან მეტი დახმარება ესაჭიროებათ. ჩვენ ზეწოლას ვაგრძელებთ რუსეთის ფედერაციაზე, რომ მოსკოვმა შეაჩეროს აგრესიული ქმედებები. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინაში რუსული ომის დიპლომატიური გზით დასრულებას, რაც უკრაინაში ხდება, რუსეთის ბრალია და მოსკოვზე ზეწოლა აუცილებელია.

ევრონიუს ჯორჯია – შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანებას აქტიურად განიხილავენ. მოსკოვში კი აცხადებენ, რომ ამ ორი სახელმწიფოს ალიანსში გაწევრიანებას სამხედრო ტექნიკური პასუხი მოჰყვება კრემლისგან, არის თუ არა მზად ნატო ახალი წევრების მისაღებად?

ხავიერ კოლომინა, ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი –  ნატო ახალი წევრი სახელმწიფოების მისაღებად მუდამ მზად არის. ჩვენ ვიცავთ ვაშინგტონის ხელშეკრულების მეათე მუხლით გათვალისწინებულ პირობებს. მე ბევრს ვერ ვისაუბრებ ფინეთისა და შვედეთის შესახებ, ვინაიდან ეს შიდა პოლიტიკური და მიმდინარე პროცესია, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ჩვენ  ყველანი ვეცნობით ამ საკითხთან დაკავშირებულ ინფორმაციას და მე ვიმეორებ, რომ ნატო ერთგული რჩება ვაშინგტონის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10 – ე მუხლისა. ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს ნებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები და ამ გადაწყვეტილებაში სხვა სახელმწიფოს ჩარევა გავლენას ვერ მოახდენს.

ევრონიუს ჯორჯია – ისტორიას სჭირდება შეფასება. უკვე 14 წელი გავიდა, რას ფიქრობთ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე?

ხავიერ კოლომინა, ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი  – პირველ რიგში, მსურს, გითხრათ, რომ მე პირადად ვეთანხმები ნატოს გაფართოების პოლიტიკას, მიმაჩნია, რომ ეს წარმატებული წამოწყებაა და ამ პოლიტიკით სარგებელი მიიღო მილიონობით ადამიანმა, მათ მიიღეს მეტი განვითარება, მეტი სტაბილურობა, უსაფრთხოება და საბოლოო ჯამში სწორედ ეს არის ჩემ მიერ ნახსენები მეათე მუხლისადმი ერთგულების საფუძველი. ჩვენ ვეთანხმებით 2008 წელს ბუქარესტში მიღებულ გადაწყვეტილებას და მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზას.

ევრონიუს ჯორჯია – საქართველოში დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს უკრაინაში მიმდინარე ომს. გამოქვეყნდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომელთა თანახმადაც, მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს სახელმწიფოს ნატოში გაწევრიანებას. რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას მადრიდში დაგეგმილ სამიტზე?

ხავიერ კოლომინა, ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი – ამ მომენტისათვის ნატო მოკავშირე და ასპირანტი სახელმწიფოების დახმარების მიზნით ზომებს იღებს იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებზეც უკრაინის ომი იქონიებს გავლენას.  ჩვენ შეძლებისდაგვარად  ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რამდენიმე კვირის წინ მიიღეს.  უფრო მეტ გადაწყვეტილებას მიიღებენ ნატოს მომავალ სამიტზე მადრიდში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და, შესაბამისად,  ვაგრძელებთ საქართველოსათვის ამ თვალსაზრისით პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას.

ევრონიუს ჯორჯია – ნატო-საქართველოს ერთობლივი სამხედრო მანევრები სამ წელიწადში ერთხელ იმართება. წელს მარტის თვეში ქართულმა არმიამ ნატოს წევრი და მოკავშირე სახელმწიფოების არმიებთან ერთად ჩაატარა სამხედრო მანევრები. როგორ შეაფასებდით ქართული არმიის ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას?

ხავიერ კოლომინა, ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი – მნიშვნელოვანია, რომ დავიწყო საუბარი იმ ფაქტის ხაზგასმით, რომ ამ ტიპის სამხედრო მანევრებს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მოკავშირე სახელმწიფოების არმიებთან ერთად ვატარებთ. ნატოს ბევრი პარტნიორი ჰყავს, მაგრამ მათგან ცოტას თუ ენდობა ალიანსი, რომ ერთობლივი სამხედრო მანევრები ჩატარდეს. ეს ბევრის მთქმელია ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებზე, ამ ურთიერთობების ხარისხზე, რომელიც ძლიერი და მყარია. რაც შეეხება ნატოსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთობლივ სამხედრო მანევრებს, მე უნდა დავსწრებოდი ამ ცერემონიას, მაგრამ უკრაინაში რუსული ინტერვენციის გამო ეს შეუძლებელი გახდა. ამ სამხედრო მანევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა არა მარტო ქართული არმიის ნატოს სტანდარტებთან თავსებადობა, არამედ ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმიც. მე შევხდი ბევრ ქართველ მაღალჩინოსანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრს და ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. მე მათ გადავეცი, რომ  ნატოს სამხედრო მეთაურობა კმაყოფილია ქართველი სამხედროების საბრძოლო მზადყოფნით. ეს სამხედრო მანევრები, რომლებშიც 600 – ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა, წარმატებით წარიმართა.

ევრონიუს ჯორჯია – დიდი სიამოვნება იყო თქვენთან საუბარი, ბატონო კოლომინა, გისურვებთ მხოლოდ საუკეთესოს.

ხავიერ კოლომინა, ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი – დიდი მადლობა მოწვევისათვის.

ინტერვიუს უძღვება ლეო სიხარულიძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend