მთავარისაქართველოანდრიი კასიანოვი: გაკვირვებით ვუყურებთ დისკუსიას საქართველოში „მეორე ფრონტის გახსნაზე“

ანდრიი კასიანოვი: გაკვირვებით ვუყურებთ დისკუსიას საქართველოში „მეორე ფრონტის გახსნაზე“

24 თებერვლის შემდეგ საქართველოს საზღვარი 30 ათასამდე უკრაინელმა ლტოლვილმა გადმოკვეთა. ამ დროისთვის კი მათი რაოდენობა საქართველოში 17 ათასამდეა

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულისთვის გაუგებარია, რატომ საუბრობენ საქართველოში ომის მეორე ფრონტზე. ეს განცხადება ანდრიი კასიანოვმა დღეს, 28 აპრილს უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან უკრაინაში ბრძოლის წინა ხაზზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს მმართველი პარტიის წევრების განცხადებებზე ისაუბრა. კასიანოვმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში ვერცერთი სანქცირებული პირი სანქციებს გვერდს ვერ აუვლის.

„გაოცებული ვართ, როდესაც ვისმენთ საქართველოში შიდა დისკუსიას, რომელიც „ომის პარტიებსა“ და „მეორე ფრონტის გახსნას“ ეხება. ჩვენ გვიკვირს, რადგან უკრაინას არ დაუწყია ომი რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენ თავს დაგვესხა რუსეთი. ჩვენთვის ეს გაუგებარია, რადგან 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში სხვა პარტია არ არსებობს. არსებობს მხოლოდ გამარჯვების პარტია. ამას ყოველდღე აჩვენებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები, ხალხი, უმაღლესი რადა და პრეზიდენტი. უკრაინა რუსეთის აგრესიას 2014 წლიდან მოყოლებული მარტო ებრძვის.”

ანდრიი კასიანოვი გამოეხმაურა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას. კობახიძის თქმით, „როცა რუსეთი ანგრევს მარიუპოლს, ხარკივსა და სხვა ქალაქებს და იხოცება უამრავი ადამიანი, უკრაინის ხელისუფლება ვაჭრობს რუსეთთან. ჩვენც გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, ისევე როგორც უკრაინას.“

ამ განცხადებას უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ასე უპასუხა: „მე არ მაქვს უფლება, რომ კომენტარი გავაკეთო საქართველოში ცალკეული ოფიციალური პირების განცხადებებზე, რადგან ეს შეიძლება ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევად შეფასდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, იმისათვის, რომ რუსეთიდან შემოსული პროდუქცია ჩანაცვლდეს. რუსეთთან ვაჭრობა ტოქსიკურია.“

24 თებერვლის შემდეგ საქართველოს საზღვარი 30 ათასამდე უკრაინელმა ლტოლვილმა გადმოკვეთა. ამ დროისთვის კი მათი რაოდენობა 17 ათასამდეა. საქართველოში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, ლტოლვილთა ნაწილი როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან უკრაინაში უკვე დაბრუნდა.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend