მთავარიევროპაუკრაინაჰუმანიტარული კრიზისი კრამატორსკში

ჰუმანიტარული კრიზისი კრამატორსკში

უკრაინის აღმოსავლეთით, ქალაქ კრამატორსკის ჰოსპიტლის ქირურგიულ განყოფილებაში კვლავ ყველა პაციენტს იღებენ – მათ ვინც ომის გამო დაშავდა და მათაც ვისაც სხვა მიზეზებით ჭირდება სამედიცინო დახმარება, თუმცა ქირურგი მხოლოდ სამია. დანარჩენი ომის პირველ ფაზაში, ქალაქიდან გაიყვანეს. მას შემდეგ ჰოსპიტალში ექიმების დეფიციტია. ერთ-ერთი დაჭრილი, ტამარა ოლინიუკი ახლა კვლავ ქირურგიულ განყოფილებაში წევს. მასზე ზრუნავენ, თუმცა არ იცის რა ბედი ეწევა, როცა გაწერენ – მისი სახლი რუსულმა ბომბებმა დაანგრია.

„ოდესმე ეს სამხედროები ხომ სახლში დაბრუნდებიან? მათ ალბათ ჰყავთ ოჯახები, მშობლები, დედა.რატომ აკეთებენ ამას?! მათ ხომ უბრალოდ შეუძლიათ შეწყვიტონ ეს და სახლში დაბრუნდნენ. ვის უნდა ეს ბრძოლა?! ისინი ბავშვებს გვიკლავენ. სინი ძალიან ბევრ ადამიანს კლავენ, სამოქალაქო პირებს, იცით რამდენს?!“- ამბობს ტამარა ოლინიუკი.

8 აპრილს რუსულმა არმიამ კრამატორსკის რკინიგზის სადგური დაბომბა, რასაც 60 ადამიანი შეეწირა, მათ შორის 7 ბავშვი. ქირურგიული განყოფილების უფროსი, ვიქტორ კრიკლი იხსენებს, რომ მაშინ საავადმყოფოში 56 დაჭრილი შეიყვანეს, ქირურგი კი მხოლოდ სამი იყო. მათ დასახმარებლად ექიმები მეზობელი ქალაქებიდან საკუთარი ტრანსპორტით ჩავიდნენ.

„ეს ძალიან მძიმეა ჩემთვის. განსაკუთრებით 8 აპრილის შემდეგ, როცა ვნახე ბავშვი კიდურების გარეშე, როცა 14 წლის ბიჭი ჩემს მკლავებში კვდებოდა. არა მგონია, ეს ოდესმე დამავიწყდეს“, – წუხს ვიქტორ კრიკლი.

კრამატორსკის სადგური რუსულმა ბომბებმა გაანადგურა, ამიტომ ახლა აქაურები პაკროვსკის სადგურიდან ცდილობენ, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წასვლას. იქ, სადაც საფრთხე ამ ეტაპზე ნაკლებია. მიდიან და მიჰყავთ შინაური ცხოველები, მიაქვთ ნივთები, რომლებიც მათთვის ძვირფასია. გლოვობენ, მათ ვინც ომს შეეწირა. ერთ-ერთი მგზავრი, მიკოლა ხარჩენკო იხსენებს, თუ როგორ შეეწირა მისი ქალიშვილი რუსულ ბომბებს.

„ჩვენ თავშესაფარში ვიყავით, მაგრამ ჩემმა ქალიშვილმა ჩამოსვლა ვერ მოასწრო. ჩამოსასვლელში მას ნამსხვრევები მოხვდა. ბაღში დავასაფლავეთ, მსხლის ხესთან ახლოს. იქ, ჩემს ქალაქში კიდევ ვცდილობდი გამეძლო, მაგრამ აქ დავნებდი. ეს მოძმე ერის ომია?! ეს გათავისუფლებაა?! მე რუსულენოვანია ვარ! ვისგან მათავისუფლებენ?! ვისგან?! ჩემი ქალიშვილისგან?! იმისგან, რასაც მთელი ცხოვრება ვაშენებდი?! რისგან უნდათ ჩემი გათავისუფლება?! რისგან ათავისუფლებენ ჩემს სოფელს, სხვა სოფლებს?! ან მარიუპოლს“- ამბობს მიკოლა ხარჩენკო.

ომამდე უკრაინაში 44 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის ქვეყანა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, მილიონობით პირი კი საკუთარ სამშობლოში იძულებით გადაადგილებულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend