მთავარისაქართველოევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამამ მედიამონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამამ მედიამონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა

როგორ აშუქებს ქართული მედია არჩევნების შემდგომ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებსა და უკრაინაში მიმდინარე ომს – ამ საკითხებზე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამამ მედიამონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტი 22 მედიასაშუალებას მოიცავს. აქედან ექვს ტელევიზიას, ცხრა ონლაინგამოცემასა და შვიდ გაზეთს. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომი პერიოდის მედიის კვლევა 2022 წლის 24 იანვრიდან 23 მარტამდე „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა“ და „ინტერნიუს საქართველოსთან“ პარტნიორობით ჩატარდა.

მედიამონიტორინგის კვლევაში, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამამ ჩაატარა, ნათქვამია, რომ ქართულ მედიაში კვლავ პოლიტიკური მოვლენები დომინირებს.

სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს კი ნაკლები ყურადღება ეთმობა. გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა ამბობს, რომ მედია საქართველოში კვლავ პოლარიზებულია.

„მედიაში ჯერ ისევ შეინიშნება სიძულვილის ენა და გენდერულად მიკერძოებული განცხადებები. თუმცა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში წინსვლაც გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიასთან ვითანამშრომლოთ და მათი სტანდარტები კიდევ უფრო ავამაღლოთ იმისათვის, რომ მაუწყებლობა დაბალანსებული იყოს“, – ამბობს გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა.

​რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სატელევიზიო სივრცეში ყურადღებამ ძირითადად უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე გადაინაცვლა.

ანგარიშის თანახმად, განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებები ცდილობდნენ, მიმდინარე მოვლენები ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოეჩინათ.

სარედაქციო პოლიტიკის განსხვავებები გამოვლინდა ციფრულ მედიაშიც. კვლევაში ნათქვამია, რომ რამდენიმე ონლაინგამოცემაში შეინიშნებოდა რუსული საინფორმაციო წყაროების გავლენა. გამოიყენებოდა შეცდომაში შემყვანი ფოტომასალა, მცდარი ან გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

მოვლენათა ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები გამოვლინდა ბეჭდურ მედიაშიც. რამდენიმე ბეჭდურ მედიაში კვლავ შეინიშნებოდა დისკრიმინაციული ენის გამოყენება და ჰომოფობიური განცხადებები.

კვლევის პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ მოვლენების სანდო და ეთიკური გაშუქება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ომის პერიოდში. მაშინ, როდესაც საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია სჭირდება.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend