გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში დღეს, 26 პრილს მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება. გუტერეშის სპიკერის თანაშემწემ განაცხადა, რომ მათი მიზანი უკრაინაში მშვიდობის დამყარებაა. შესაბამისად, გუტერეში ამ საკითხის განხილვას აპირებს შეხვედრაზე.
ზოგი ანალიტიკოსი ამბობს, რომ გუტერეშმა შესაძლოა მოლაპარაკებების პროცესში გაეროს წარმომადგენლების ჩართვა მოითხოვოს. შეხვედრაზე ჰუმანიტარული საკითხებისა და მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანის შესახებაც იმსჯელებენ.
მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კრემლი ჯერჯერობით დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა სერგეი ლავროვის განცხადებით, გუტერეში დღეს მასაც შეხვდება.
რუსეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავარი ყურადღება დაეთმობა უკრაინაში არსებულ კრიზისულ ვითარებას, რომელიც კიევის მიერ დონბასის მოსახლეობის წინააღმდეგ რვა წლის წინ დაწყებული ქმედებების შედეგად შეიქმნა.
ბევრ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ მოსკოვში დაგეგმილი მოლაპარაკებები არ იქნება მარტივი, შესაბამისად, შედეგსაც არ ელიან.
ხუთშაბათს ანტონიუ გუტერეში ასევე შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. ზელენსკიმ გაეროს გენერალური მდივანი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ არასწორი გადაწყვეტილებაა, რომ გუტერეში ჯერ რუსეთის წარმომადგენლებს ხვდება.