დედამიწის საერთაშორისო დღეს გარემოსდამცველები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ადამიანებს, გაუფრთხილდნენ და იზრუნონ პლანეტაზე.
საქართველოში გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მწვავე პრობლემა კვლავ ნარჩენების მართვაა. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში მდგომარეობა გამოსწორდა, თბილისსა და რეგიონებში კვლავ წააწყდებით არაერთ არალეგალურ ნაგავსაყრელსა და დაბინძურებულ რეკრეაციულ ზონას.
პლასტმასის ნარჩენები, პოლიეთილენის პარკები, ვადაგასული საკვები პროდუქტები – ნარჩენები თბილისის ზღვის თითქმის მთლიან სანაპიროზეა მიმოფანტული. მათი ნაწილი წყლის ზედაპირზეც ტივტივებს. ტალღებს ნაგავი შორს მიაქვთ, რაც კიდევ უფრო ართულებს ტერიტორიის დასუფთავებას.
„ვერაფრით ვერ ამოვხსენით, ვის შეაქვს ამ ტერიტორიაზე ამდენი ნაგავი. ისეთ ნარჩენებს წააწყდებით, თავად განცვიფრებული დარჩებით – თითქმის ყველაფერი გვინახავს. არადა, ახლოს არც არის დასახლება. მიუხედავად იმისა, რომ წლებთან ერთად ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა, ნარჩენების მართვა მაინც საჭიროებს გაუმჯობესებას“, – აღნიშნავს ნინო ჩხობაძე.
წლები გადის, თუმცა გარემოს დაბინძურების პრობლემა ისევ აქტუალურია. პანდემიის დროს ნარჩენების მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდა. რეკრეაციულ ზონებში წააწყდებით დაყრილ სამედიცინო პირბადეებს, სადეზინფექციო საშუალებებს.
„ჩვენ პასუხისმგებლობას სრულად სახელმწიფოს ვერ გადავაბარებთ, როდესაც ნარჩენების მართვას შეეხება საქმე. ამ საკითხში თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაც ძალიან მნიშვნელოვანია. რეგიონებისგან განსხვავებით, თბილისში ნაგვის ურნები მეტ-ნაკლებად ყველგან დგას“, – ამბობს CENN-ის პროექტების მენეჯერი ნინო თევზაძე.
ნინო თევზაძე საუბრობს, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს გარემოს დაბინძურების პრობლემა.
„ამ პრობლემასთან ბრძოლის ერთ-ერთი კარგი პრაქტიკაა, როდესაც კერძო კომპანიები და სამოქალაქო ორგანიზაციები განსაკუთრებით დაბინძურებულ ტერიტორიებს უვლიან. ისინი ათავსებენ ბანერებს, რომ ამ ტერიტორიის დასუფთავებაზე კონკრეტული ორგანიზაცია იღებს პასუხისმგებლობას“, – ამბობს ნინო თევზაძე.
თუმცა, ამ საკითხზე საუბრისას გარემოს დამცველები ერთხმად თანხმდებიან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებაა.
„ბოლო წლების განმავლობაში გარმოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესებულია როგორც ახალგაზრდებში, ისე ზრდასრულებში“, – აღნიშნავს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი.
თამარ ალადაშვილის თქმით, გარემოს დაცვის საკითხებში განსაკუთრებით აქტიურად არიან ჩართული მოსწავლეები და სტუდენტები.
„აქტიურად ვთანამშრომლობთ მოსწავლეებთან და სტუდენტებთან, ვგეგმავთ არაერთ საინტერესო პროექტსა და შემეცნებით ღონისძიებას.“
„ერთ-ერთმა მოსწავლემ მითხრა შეხვედრისას – უნდა მოვუფრთხილდეთ დედამიწას, რათა შემდგომ ის მოგვიფრთხილდეს ჩვენ“, – ამბობს თამარ ალადაშვილი.
ნინი დვალიშვილი