მთავარიევროპასაბერძნეთისაბერძნეთში ლტოლვილთა დასახლებაში უკრაინელები აღდგომას აღნიშნავენ

საბერძნეთში ლტოლვილთა დასახლებაში უკრაინელები აღდგომას აღნიშნავენ

ჩრდილოეთ საბერძნეთში, სერეს ლტოლვილთა დასახლებაში, 132 უკრაინელი ცხოვრობს. უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან.

ტატიანამ და კრისტინამ გადაწყვიტეს, რომ აღდგომასთან დაკავშირებული ყველა ტრადიცია დაიცვან. ერთ დილას ლტოლვილები დასახლების ცენტრში შეიკრიბნენ და სააღდგომო კვერცხები შეღებეს, დაამზადეს სანთლები და ტრადიციული პასკები გამოაცხვეს. ტატიანა ბაბარუ ისტორიკოსია. მან ბერძნული ენაც იცის. ტატიანას ცრემლების შეკავება უჭირს.

„ყველა სირთულის მიუხედავად, ახლა აღდგომაა. ჩვენ გვაქვს რწმენა და ჩვენს ტრადიციებს პატივს ვცემთ. გამოვაცხვეთ პასკები და სააღდგომო კვერცხები ყვავილებითა და ხეებით მოვხატეთ. ეს სიცოცხლის და აღდგომის სიმბოლოა. დავხატეთ მზეც, ჩვენ ხომ სინათლე გვიყვარს. ეს ძალასა და გამბედაობას გვმატებს”, – ამბობს ტატიანა ბაბარუ.

ლტოლვილები უკრაინიდან თავიანთ სამშობლოს სიმღერებით იხსენებენ. ბავშვები თამაშობენ და სააღდგომო კვერცხებზე ხატავენ.

„ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ჩვენ შვილებზე ვფიქრობთ. მათ სახლი დაკარგეს, თუმცა თავიანთი ისტორია და ტრადიცია არ უნდა დაივიწყონ. სააღდგომო კვერცხებით, პასკითა და სანთლებით გვსურს, მათ იმედი მივცეთ. ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენს ძველ ცხოვრებას დავიბრუნებთ“, – ამბობს კრისტინა შეგლოვა “ევრონიუსთან” საუბარში. 

ბანაკში 36 ბავშვი ცხოვრობს, მათგან 30 სკოლაში დადის. ისინი ბერძნულ ენას სწავლობენ. უკრაინელი ლტოლვილები ქვეყანაში ჩამოსვლის პირველივე დღიდან გრძნობენ, რომ ეკლესიაში სიარული და ლოცვა ყველაზე მეტად ეხმარებათ.

ამას განსაკუთრებით ვნების კვირაში გრძნობენ, რადგან იმედოვნებენ, რომ იესოს აღდგომა მათ ქვეყანაში სისხლიან ომს დაასრულებს. მართლმადიდებელი ეკლესია კი მათ გვერდით უდგას.

“ჩვენ სამშობლოში დავბრუნდებით. თავიდან ავაშენებთ სახლებს. მშვენიერი ცხოვრება გვქონდა და მისი დაბრუნება გვსურს. არ გვინდა, სულ სადღაც მივდიოდეთ და უცხო მიწაზე მიმოფანტულები ვიყოთ. არ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა დაბომბვას უყურონ”, – ამბობს ტატიანა ბაბარუ.

ბოლო ორ თვეში საბერძნეთში 21 000-მდე უკრაინელი ჩამოვიდა. წლევანდელი დღესასწაული მათთვის ნამდვილად რთულია. ისინი სახლისა და ძვირფასი ადამიანებისგან შორს არიან. თუმცა, მიუხედავად ამისა, იმედოვნებენ, რომ ომი მალე დასრულდება და დარჩენილ სიცოცხლეს ლტოლვილობაში არ გაატარებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend