მთავარისაქართველოსაქართველოში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარების წესი 25 აპრილიდან იცვლება

საქართველოში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარების წესი 25 აპრილიდან იცვლება

ქეთი დვალი რამდენიმე თვეა, მართვის მოწმობის გამოცდისთვის ემზადება. მან თეორიის ნაწილი უკვე წარმატებით ჩააბარა. რამდენიმე დღეში პრაქტიკული გამოცდა ელის.

ქეთიმ გამოცდაზე გასვლა დააჩქარა, რადგან მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარების წესი 25 აპრილიდან იცვლება და პრაქტიკულ გამოცდას კიდევ ერთი, ქალაქში გასვლის ეტაპი ემატება.

„ცნობილია, რომ მალე გამოცდის ჩაბარება ქალაქში მოგიწევს. მინდოდა, რომ ამ ვადაში მომესწრო. თუმცა ვთვლი, რომ როდესაც გამოცდას აბარებ, ქალაქში გასვლისას თან უნდა გახლდეს ვიღაც, რომ უფრო უსაფრთხოდ იარო. ამ შემთხვევაში ვთვლი, რომ ქალაქში გასვლა ისე უცხო აღარ იქნება და მძღოლიც უფრო კონფორტულად იგრძნობს თავს“, – ამბობს ქეთი დვალი.

კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად “B” და “BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება: ცვლილებების მიხედვით, დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ავტომობილის მართვის მოწმობის მისაღებად, პრეტენდენტი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე, სადაც რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში მოუწევს ავტომობილის სათანადოდ მართვა.

ავტოსკოლაში მიაჩნიათ, რომ მოსწავლისთვის ახალი გამოცდა უფრო რთული იქნება, მაგრამ სჯერათ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ახალბედა მძღოლების უკეთესად მომზადებისთვის. მოსწავლეები, თავიანთ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდიან.

„მოსწავლისთვის გასათვალისწინებელი იქნება, რომ თეურიული საკითხები გადმოიტანოს ქალაქში პრაქტიკული მეცადინეობის დროს. როდის უნდა დააჭიროს მუხრუჭს ფეხი, როდის უნდა მისცეს გაზი, სად უნდა გაჩერდეს მანქანა, სად უნდა გააკეთოს გასწრება, სად შეიძლება მანქანის დაპარკინგება და ასე შემდეგ“, – ამბობს ავტოსკოლა „ემსის“ ინსტრუქტორი მამია ტორონჯაძე.

ამრიგად, გამოცდის მეორე ეტაპზე კანდიდატებს საგზაო მოძრაობის სხვადასხვა ვითარებაში მოუწევთ გამოცდის ჩაბარება: დაუსახლებელ პუნქტებში; ავტომაგისტრალზე ან იმ გზებზე, სადაც მოძრაობა 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით არის ნებადართული, და დასახლებულ პუნქტებში, სადაც მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით არის შესაძლებელი.

„ყოველთვის ძალიან მარტივი იყო მართვის მოწმობის აღება. შესაბამისად, საკონსულტაციო დონეზე ჩვენც ვიყავით ჩართულები და სრული მხარდაჭერით შევუერთდით ახალ წესს. მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება ქალაქის ტერიტორიაზე  ხელს შეუწყობს ავარიების სტატისტიკის შემცირებას. როგორც ვიცით, სკოლების უმეტესობა ტარებას ასწავლის ისე, რომ უბრალოდ გამოცდა ჩაბარდეს და მოქალაქემ მართვის მოწმობა მიიღოს. მერე მოქალაქე გამოდის გზაზე და უბრალოდ ტარება არ იცის და ვღებულობთ იმ შემზარავ ციფრებს, რაც გვაქვს დღეს“, – განაცხადა საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრო ლომაძემ.

საგზაო მოძრაობის ექსპერტები ამბობენ, რომ ახალი წესის შემოღების მიზანია გადაადგილების უსაფრთხოების გაუმჯობესება. ეს მიდგომა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend