საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Freedom house ყოველწლიურად იკვლევს მსოფლიოს ქვეყნებში თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებლებს და ამისთვის სხვადასხვა პარამეტრებს ზომავს. ახალ ანგარიშში ბევრ ქვეყანაში დემოკრატიის ინდექსი მკვეთრად შეიცვალა. მათ შორის საქართველოში. ცვლილება ნეგატიურია.
Freedom house ამბობს, რომ ზოგადი ტენდენციით, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 3.18-დან 3.07-მდე შემცირებული.
ამის მთავარ მიზეზად კი 19 აპრილის შეთანხმების კოლაფსს და მმართველი პარტიისა და ოპოზიციის აქტორების ქმედებების გამო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავებას მიიჩნევს. Freedom house-ის ანგარიშს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა თბილისში.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში და ბოლო დროს მომხდარი არადემოკრატიული თუ ძალადობრივი მოვლენების გამო, ამ ანგარიშის შედეგი ლოგიკურია.
„არ არსებობს საერთაშორისო ინსტიტუცია, რომელიც არ ამბობს, რომ სასამართლოში არის კლანური მმართველობა, რომ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო არ არსებობს. ერთადერთი არის მატყუარა „ოცნების“ პარტია, რომელიც გვეუბნება, რომ სამართლიანობა საქართველოში ზეიმობს, გვაქვს სამართლიანი სასამართლო, სამართლიანი მართლმსაჯულება. ამიტომ ვამბობ, რომ მათ უნდა ვუწოდოთ მატყუარა „ოცნების“ პარტია.
19 აპრილის შეთანხმებაზე არა მარტო აქ არის საუბარი, არამედ ნატო-ს კომუნიკეში იყო მოხსენებული ეს დოკუმენტი, როგორც გზა ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. ამ დოკუმენტის ანულირება მოახდინა „ქართულმა ოცნებამ“. შემდეგ პირობა დადო, რომ დოკუმენტში შინაარსში რაც არის, ყველა პირობას შეასრულებდა. ამასაც არ აკეთებს. ეს არის ყველაზე დიდი თავის ტკივილი, რაც ჩვენ გვაქვს „ქართული ოცნების“, უფრო სწორად, მატყუარა „ოცნების“ პარტიის 10-წლიანი მმართველობის შემდეგ. აუცილებელია, ვაიძულოთ ისინი, რეფორმების გზას დაადგნენ“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
„ქართულ ოცნებაში“ საქართველოში დემოკრატიის ინდექსის გაუარესებას პანდემიას უკავშირებენ.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ Freedom House-ის ანგარიშში დემოკრატიის ინდექსის შემცირება კოვიდპანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს უკავშირდება, რა დროსაც შეიზღუდა ადამიანის თავისუფლების ცალკეული მიმართულებები.
მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს Freedom House-ის მიმართ საპირისპირო შენიშვნებიც აქვთ. მაგალითად, დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ რეიტინგებში ქვეყნების გრადაცია საკამათო და არადამაჯერებელია. მისივე თქმით, ორგანიზაციას ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ აქვს შეტანილი, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის შეურაცხმყოფელია.
“”ფრიდომ ჰაუსის” შეფასებით, ურუგვაი უფრო თავისუფალი დემოკრატიაა ვიდრე ბელგია, შვეიცარია, ავსტრალია და გერმანია; ტუვალუ უსწრებს იტალიას, ჩეხეთს, სლოვაკეთს, ესპანეთს, აშშ-სა და საფრანგეთს; ვანუატუში, „როგორც ირკვევა“ უფრო უკეთესი თავისუფალი დემოკრატია სუფევს ვიდრე პოლონეთში, ბულგარეთში, ისრაელსა და უნგრეთში.
არის ანგარიშებში ერთი ფრაგმენტი, რომელიც ნამდვილად შეურაცხმყოფელი და ნებისმიერი ქართველისთვის დამამცირებელია, კერძოდ, “ფრიდომ ჰაუსი” თავის რეიტინგებში ე.წ. „ნაწილობრივ თავისუფალი“ დემოკრატიის კატეგორიაში განიხილავს უნგრეთის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის და საქართველოს გვერდით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს(!!!), ამ მართლაც რომ დესპოტურ რეჟიმს, რომელსაც მოკლული ჰყავს ათასობით უდანაშაულო მოქალაქე და გაძევებული ჰყავს ასიათასობით ჩვენ თანამემამულე მშობლიური მიწა-წყლიდან, სადაც ყოველდღიურად უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, რაც რეალურად უნდა წარმოადგენდეს “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშების ძირითად სამიზნეს. წარმოჩენილი მონაცემებით “ფრიდომ ჰაუსი” ფაქტობრივად ხდება ოკუპაციის და ეთნიკური წმენდის ერთგვარი დამკანონებელი რეჟიმის მოკავშირე და ოფიციალურად აცხადებს, რომ თურმე აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშ უფრო უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებები, ვიდრე ნატოს წევრ თურქეთში და მაგალითად ყაზახეთში. აფხაზეთი ამ ქვეყნებს რეიტინგში რამდენიმე ათეული საფეხურითაც კი უსწრებს”, – განაცხადა სარჯველაძემ.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მაქსიმალური 100-დან 35 ქულა აქვს მინიჭებული და შეფასებულია, როგორც გარდამავალი – ჰიბრიდული რეჟიმი. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ანგარიშში საქართველოს ქულა 36 იყო.
ალეკო გვეტაძე