მთავარიევროპაუკრაინაბოროტების კვალი ბუჩაში

ბოროტების კვალი ბუჩაში

უკრაინულ ქალაქში კვლავ ეძებენ დაღუპული მოქალაქეების ცხედრებს

ამ დრომდე არ არის ცნობილი, რამდენი ადამიანი შეეწირა რუსული ოკუპაციის სისასტიკეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში.

იქ ჯერ ისევ, პოლიციის ოფიცრების გარდა, ცხედრებს მოხალისეებიც ეძებენ. ერთ-ერთი მათგანი მხატვარი, ტატუირების ოსტატი ვლად მინცენკოა.

ვლადმა ცხედრების ძებნა სიცოცხლის რისკის ფასად, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა რუსი სამხედროები ბუჩაში იყვნენ.

ვლად მინჩენკო იხსენებს, რომ ამის გამო მას რუსი სამხედროები არაერთხელ დამუქრებიან.

„ხალხი მოძრაობდა ქუჩებში ფეხით, მანქანით, ველოსიპედით… სნაიპერები კი მათ თავში ესროდნენ. ზოგი ეზოებში დახვრიტეს, ზოგს ხელები ჰქონდა შეკრული და თავში ჰქონდა ტყვია  ნასროლი… მე ვიპოვე  უამრავი ცხედარი, ასზე მეტი…. ვერ ვპოულობ სიტყვებს, რომ აღვწერო ის, რაც ხდებოდა აქ პირველ დღეებში. რუსმა სამხედროებმა   სამი ჩვენგანი გააჩერეს და გვითხრეს დავმდგარიყავით ღობესთან.  ჩვენ კი ვუპასუხეთ, რომ თუ  ჩვენს დახვრეტას მაინც აპირებდნენ, არ გვსურდა ღობესთან სიკვდილი. არ გვსურდა, რომ ჩვენი ცხედრები იქ,  ღობესთან დაეყარათ…“, – იხსენებს ვლად მინჩენკო.

44 წლის მხატვარს მუდმივად ხელები უკანკალებს. ამაზე ღელავს, რადგან შიშობს, რომ ომის დამთავრების შემდეგ, ვეღარ შეძლებს თავისი პროფესიით მუშაობას.

ახლა მას და რამდენიმე მოხალისეს ბუჩელი ოჯახები უკავშირდებიან და დახმარებას სთხოვენ, ეზოებში დაკრძალული ახლობლების სასაფლაოზე გადასვენებაში.

ვლადისთვის რუსული ოკუპაცია არ დასრულებულა, ის ყოველ ჯერზე გრძნობს მის სისასტიკეს – ყოველთვის, როცა ტელეფონი რეკავს და კიდევ ერთი ცხედრის გადასვენებას სთხოვენ. ის ამას ისევ აკეთებს, ხელების კანკალით…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend