ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები დაუღალავად მუშაობენ, რათა უკრაინის ქუჩებში მარტო დარჩენილ ცხოველებს ყოფა შეუმსუბუქონ.
ყოველ კვირას, მოხალისეები უნგრეთის ცხოველთა დაცვის ორგანიზაციიდან სულ მცირე 5 ტონა საკვებს აგროვებენ და უკრაინაში აგზავნიან.
ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის დამფუძნებელს ენდრე კოდოლანს გაუგზავნეს ვიდეო, რომელიც სუმის ცხოველთა თავშესაფარშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ტირიან ცხოველები. ამ ტერიტორიიდან რუსი სამხედროები უკვე გავიდნენ.
მრავალი კვირა ცხოველებს საკვები არ ჰქონდათ. თავშესაფრის მენეჯერს ეშინოდა, ცხოველები შიმშილისგან არ დახოცილიყვნენ.
ექვსსაათიანი გზის გავლისა და საზღვრის რთულად გადაკვეთის შემდეგ, საკვები უკვე მიიტანეს უჟჰოროდის თავშესაფარში, რომელსაც ირინა აზიზიანი ხელმძღვანელობს. ირინა სომხეთში დაიბადა და უნგრეთში სწავლობდა.
თავდაპირველად, ის საკვებს მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიებზე მყოფი ქუჩის ძაღლებისთვის აგროვებდა. თუმცა ომის დაწყების შემდეგ ირინა ხარკივისა და ოდესის თავშესაფრებსაც ეხმარება.
ომის ყველაზე მძიმე ბრძოლების დროსაც კი საკვებს მატარებლით უგზავნიდნენ ქვეყნის აღმოსავლეთში მცხოვრებ ცხოველთა მოყვარულებს, რომლებსაც ქალაქი არ დაუტოვებიათ. ამ დრომდე მან უკვე გაანაწილა 100 ტონამდე საკვები და მედიკამენტები.
ცხოველთა თავშესაფრის მენეჯერი ირინა აზიზიანი ამბობს, რომ რეგიონები, მაგალითად, კიევის მახლობლად მდებარე სოფლები, რომლებსაც რუსები უტევდნენ, თითქმის მთლიანად განადგურებულია. ცხოველები მშივრები არიან, ბევრი დაიხოცა, ზოგი კი მიატოვეს.
ომის დაწყების პირველ კვირებში ირინამ ბევრი ცხოველი შეიფარა, რადგან ოჯახებმა ვერ გაბედეს მათი საზღვარზე გადაყვანა. ირინას სურს, ყველას გააგებინოს, რომ თითოეულ უკრაინელს 5 ცხოველის გადაყვანის უფლება აქვს და რომ ევროპაში მათ უფასოდ ჩაუტარებენ ვაქცინაციას. ამ დრომდე მილიონამდე ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი თავის ცხოველთან ერთად.
მარტო ამ თავშესაფარში 170 ძაღლია. მათი პატრონები უნგრეთსა და სლოვაკეთში გაიქცნენ. ცხოველები ომის დასრულებას ელიან. მათაც ენატრებათ თბილი გარემო და მშვიდი ცხოვრება.