რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორშაბათს საღამოს რუსმა სამხედროებმა ლვივის მახლობლად უცხოური წარმოების იარაღის შესანახი ობიექტი გაანადგურეს.
უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ამ კვირის დასაწყისში ასობით სამიზნეზე მიიტანეს იერიში აღმოსავლეთით კრამატორსკიდან დასავლეთით ლვივამდე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ მოსკოვი აპირებს ახალ შეტევას უკრაინის აღმოსავლეთში, მათი სურვილია დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებზე კონტროლის მოპოვება.
ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა “საპატიო” წოდება მიანიჭა 64-ე ბრიგადას, “სამშობლოსა და სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის“.
ეს სწორედ ის ბრიგადაა, რომელსაც უკრაინული მხარე ქალაქ ბუჩაში ჩადენილ ომის დანაშაულებში სდებს ბრალს. მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ გავრცელებული კადრები გაყალბებულია. ამავდროულად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგი შეჩერებულია მას შემდეგ, რაც ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მასობრივი მკვლელობის შემთხვევები აღმოაჩინეს.