მთავარიევროპაიტალია„მშვიდობა და არა ნავთობი“ - წარწერა რუსულ ნავთობმზიდ ტანკერზე სიცილიის პორტში

„მშვიდობა და არა ნავთობი“ – წარწერა რუსულ ნავთობმზიდ ტანკერზე სიცილიის პორტში

იტალიაში ორგანიზაცია  „გრინპისის“ აქტივისტებმა რუსეთის ნავთობმზიდ ტანკერს დიდი ასოებით წააწერეს: „მშვიდობა და არა ნავთობი“. ამ ქმედებით ისინი მოუწოდებენ ევროპის ქვეყნების მთავრობებს,  შეწყვიტონ წიაღისეული საწვავის გამოყენება.

გასულ უქმეებზე აქტივისტები ორი რეზინის კატერით მიუახლოვდნენ გემს, რომელიც სიცილიის პორტისკენ მიემართებოდა. მათ გემს ყვითელი საღებავით გაუკეთეს წარწერა. ნავთობმზიდი ტანკერი ლიბერიის დროშით დაცურავს, თუმცა, როგორც ცნობილია, იგი რუსულ გადამზიდ კომპანია „სოვკომფლოტს“ ეკუთვნის.

როგორც „გრინპისში“ აცხადებენ, გემი პირველი აპრილიდან პრიმორსკიდან გამოვიდა და დაახლოებით 110 ათასი ტონა ნედლი ნავთობი გადაჰქონდა.

გარემოს დამცველმა აქტივისტებმა აქციით გამოკვეთეს პრობლემა, რომ წიაღისეული საწვავი და კონფლიქტები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მაგალითად კი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ასახელებენ.

როგორც „გრინპისში“ ვარაუდობენ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროპის ქვეყნებმა 33 მილიარდი ევრო გადაიხადეს რუსეთიდან ბუნებრივი აირის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend