მთავარი საქართველო ლოცვა უკრაინისთვის, ლოცვა სიყვარულსა და თავისუფლებაზე

ლოცვა უკრაინისთვის, ლოცვა სიყვარულსა და თავისუფლებაზე

უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები საქართველოში ლოცულობენ. როგორც თავად ამბობენ, ეს არის ლოცვა სიყვარულსა და თავისუფლებაზე.

ლოცვას მოსდევს საქმეც. რელიგიური კონფესიების ნაწილმა უკრაინიდან ლტოლვილები შეიფარა. ისინი მათ დაეხმარნენ საქართველოში ჩამოსვლაში, მისცეს თავშესაფარი და ეხმარებიან იმაშიც, რომ გეგმები დასახონ- თუ რას აპირებენ ხვალ, სანამ ომი დასრულდება, ვიდრე სახლში დაბრუნდებიან.

“ევრონიუს ჯორჯია” თბილისში, რამდენიმე რელიგიური კონფესიის სამლოცველოში მივიდა.

თბილისის ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში ყოველ პარასკევს ლოცულობენ უკრაინაში ომის დასრულებისთვის. მაგრამ, ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილს მიაჩნია, რომ მხოლოდ ლოცვა არ არის საკმარისი. მისი აზრით, ეს უბრალოდ ბიძგია შთაგონებისთვის, ბოროტებასთან დასაპირისპირებლად.

„არავის აქვს გულუბრყვილო წარმოდგენა, რომ ლოცვით გაკეთდება ის საქმე, რაც ჩვენი გასაკეთებელია, მაგრამ ლოცვას შეუძლია შთაგვაგონოს, ძალა მოგვცეს, მოტივაცია შეგვმატოს, ასევე უნარი მოგვცეს დავუპირისპირდეთ უკეთურებას, ძალადობას, რომელსაც აქვს ადგილი ევროპის გულში. მხედველობაში თუ მივიღებთ ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას, ეს საგანგებოდ მტკივნეულია ჩვენთვის და ამდენად სრულებით ბუნებრივია, რომ ჩვენ ვლოცულობთ და ლოცვას რაღა თქმა უნდა მოსდევს მოქმედება. ასევე გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ვუერთგულოთ სამართლიანობას მშვიდობას, თავისუფლებას- თუ ევროპაში, თუ დედამიწის ნებისმიერ კუთხეში“, – ამბობს მალხაზ სონღულაშვილი.

თბილისის აშრამში კირტანი აღავლინეს. ინდუიზმის ერთ-ერთი სახის, ვაიშნავიზმის მიმდევრები ამ ტიპის მედიტაციით ცდილობენ მშვიდობა მოიხმონ.

თბილისელმა ვაიშნავებმა უკრაინელი ლტოლვილებიც შეიფარეს. ერთ-ერთი მათგანია ალა. ის ამბობს, რომ ახლა ლოცვა მისთვის ყველაზე დიდი ხსნაა და ეს ერთადერთია რისი გაკეთებაც თავისი ხალხისთვის შეუძლია.

„ამბობენ, რომ ომში არ არსებობენ ათეისტები. როცა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ის პირველ რიგში ეძებს თუ როგორ დაიცვას თავი. როცა ის ვერ პოულობს დამცველს შეიარაღებულ ძალებში, ახლობლებში… არ არის უსაფრთხოდ საკუთარ სახლში ან თავშესაფარში, ის მაშინ ეძებს მფარველობას ღმერთისგან. როცა შენ რჩები მარტო ამ სიტუაციასთან და ხვდები რომ შენზე საერთოდ აღარაფერია დამოკიდებული -უბრალოდ არაფერი: ვერანაირ ზომას ვერ იღებ, არსად წასვლა არ შეგიძლია, არ შეგიძლია ვინმეს დახმარებისთვის მიმართო – მაშინ მხოლოდ ერთი რამ გრჩება- ლოცვა“, – ამბობს ალა, ლტოლვილი უკრაინიდან, რომელიც თბილისელმა ვაიშნავებმა შეიფარეს.

„სახარების წმინდა ეკლესიაში“ თბილისელი ორმოცდაათიანელების მსახურებაც უკვე მეორე თვეა უკრაინისთვის ლოცვით იწყება. იქ შეკრებილი ასობით ადამიანი მშვიდობისთვის ლოცულობს. ეკლესიამ რამდენიმე უკრაინული ოჯახი შეიფარა. აქ არის დიმაც. ის რუსულ ბომბებს მარიუპოლიდან გამოექცა და რამდენიმე ადამიანიც თან წამოიყვანა. ახლა ყველანი აქ არიან, ერთად, თბილისში… ერთადაც ლოცულობენ. დიმას საუბარი ისევ ძალიან უჭირს, თუმცა მაინც გვიამბო მცირე ნაწილი თავისი უმძიმესი ამბიდან: „გავიგეთ, რომ დერეფნებს ბომბავდნენ… ჩემთვის უცნობია ვინ… ზოგი ამბობდა ჩვენები ბომბავენო, ზოგი ამბობდა რუსებიო… თუმცა, ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ჩვენებს თვითმფრინავები არ ჰყავდათ. საიდან უნდა ჰყოლოდათ.. ყველა რაკეტა იქიდან მოფრინავდა… რეალურად რუსები გვბომბავდნენ. 100% ასეა… ახლა გერმანიაში ვაპირებთ… იქ დედა მყავს. ღვთის წყალობით… იესო გზას გვიკვალავს. ჩვენ გერმანიაში ვაპირებთ დარჩენას. მერე არ ვიცი.. ალბათ ნათესავებთან ერთად მოხალისედ ვიმუშავებ…”

საქართველოში, რელიგიური უმცირესობების ნაწილმა ლოცვა ერთობლივადაც ჩაატარა… მათ ერთად ილოცეს უკრაინაში ბოროტებაზე გამარჯვებისთვის.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

ლოცვალოცვა

Send this to a friend