მთავარისაქართველოჩელტა ზანდურისა და წითელი დოლის ამბავი

ჩელტა ზანდურისა და წითელი დოლის ამბავი

ჩელტა ზანდური, კოლხური ასლი, მახა, დიკა, ჰექსაპლოიდური ზანდური  – მსოფლიოში ხორბლის ოცი სახეობიდან ხუთის სამშობლო საქართველოა. საუკუნეების მანძილზე ქართველები პურს სწორედ ამ ენდემური სახეობებისგან აცხობდნენ. მეცნიერების თქმით, ხორბალი საქართველოში ვაზის მსგავსად, უკვე 8000 წელია მოჰყავთ.

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ინეზა მაისაია ამბობს, რომ ძველ დროში მახისა და ზანდურის პური დიდად ფასობდა მოსახლეობაში.

„საყოველთაოდ ცნობილი იყო მახისა და ზანდურის საუკეთესო თვისებები: გემო, არომატი, რამდენიმე დღის განმავლობაში რბილად შენახვის უნარი. ამასთანავე საზოგადოებრივ წვეულებებში საპატიოდ ითვლებოდა მახისა და ზანდურის პურით გამასპინძლება. ჩვენი ტრადიციული კულტურები გამოირჩევიან მაღალი კვებითი ღირებულებით, რაც განპირობებულია მათ მარცვლებში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მაღალი შემცველობით და რაც მთავარია სტაბილური მოსავლიანობით“, – გვიყვება ინეზა მაისაია.

სამწუხაროდ, მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოს უნიკალური ხორბლის სახეობები უცხოეთიდან შემოსულმა ხორბალმა ჩაანაცვლა. საბჭოთა კავშირის დროს კი აბორიგენული სახეობები საერთოდ დავიწყებას მიეცა.

ხორბლის ტრადიციული სახეობების აღდგენაზე მუშაობს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“. ისინი ქართველ გლეხებსა და ფერმერებს ქართული ხორბლის მოყვანაში ეხმარებიან.

„ჩვენ დაახლოებით ოცი წლის წინ დავიწყეთ წითელი დოლის აღდგენასა და გამრავლებაზე მუშაობა, გარკვეული პერიოდი დაგვჭირდა, სქემაც შევადგინეთ ფერმერებთან ერთად. გაამართლა ამ გეგმამ და დაბრუნდა წითელი დოლი. დღეს არამარტო სამცხე-ჯავახეთში ითესება წითელი დოლი, არამედ ასევე პოპულარული ხდება კახეთსა და ქართლში. ჩვენ უკვე ვხვდებით პურის სახით გამომცხვარ წითელ დოლს, რომელიც თავისი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და უკვე იყიდება  მაღაზიებში. ეს წარმატებული მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა დაბრუნდეს ესა თუ ის ჯიში ან სახეობა ფერმერთან. ახლა გვინდა სახეობების გამრავლებაზე მუშაობა, კერძოდ დიკაზე სამცხე-ჯავახეთში და ასევე მახაზე, რომელიც თავისი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და ძალიან პოპულარული გახდება, როგორც კი გამოჩნდება ბაზარზე”, – ამბობს ასოციაცია „ელკანას“ პროგრამის ხელმძღვანელი თამაზ დუნდუა.

ქართული ხორბლის სახეობები არც ისე ბევრ ფერმერს მოჰყავს, თუმცა ნელ-ნელა მათი პოპულარობა იზრდება. ანზორ მაისურაძე ხაშურის რაიონის სოფელ ნაბახტევში ბიომეურნეობას ფლობს, სადაც ქართულ ხორბალს ზრდის.

„ვარ ბიოფერმერი ანზორ ბოლქვაძე და ვაწარმოებთ ქართული ხორბლის ჯიშებს, რომელიც გადაშენების პირას იყო. მოვიძიეთ რამდენიმე თავთავი და მარცვალი. ამაში დაგვეხმარა ფერმერთა ასოციაცია „ელკანა“ და რამდენიმე გრამისგან დავიწყეთ რამდენიმე ათეულ ჰექტარზე ხორბლის წარმოება. მინდა გესაუბროთ შავ ფხაზე, რომელთანაც ახლა ვიმყოფებით და დაახლოებით შვიდ ჰექტარზეა დარგული. მახასთვის შვიდი ჰექტარი ძალიან დიდი ფართობია, ეს იმას ნიშნავს რომ ის აღარ გადაშენდება. ეს თესლი გავრცელდება, მივცემთ ყველა მსურველსა და მოხალისეს, რომელსაც სურს ქართული საქმის წარმოება. ცამეტი წლის უკან როცა დავიწყე წარმოება ნახევარ ჰექტარზე მქონდა, ახლა მაქვს 48 ჰექტარზე. ცამეტი წლის წინ ნახევარი ტონა გავყიდე, წელს კი გავყიდი ოთხმოც ტონას. მომავალ წელს მეტი იქნება, მთავარია მშვიდობა იყოს და მოსავალი მოვიდეს“, – ბიოფერმერი ანზორ მაისურაძე.

ქართული ხორბლის სახეობების მიმართ ინტერესი იზრდება. თუმცა ამ დარგის სპეციალისტები ჯერ ვერ ამბობენ, როდის გახდება შესაძლებელი ქართული ხორბლის ფართო წარმოება და როდის გამოჩნდება დახლებზე ქართული პური.

მიხო კალანდარიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend