რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ჯარებმა დასავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ ლვივს შეუტიეს.
რუსმა სამხედროებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და რკინიგზა დაბომბეს. ადგილმდებარეობის გამო ქალაქი ლვივი შედარებით ნაკლებად არის რუსული იარაღის სამიზნე, თუმცა ქალაქი მაინც იბომბება.
ლვივის მერი ანდრი სადოვი აცხადებს, რომ რუსული არმია გენოციდს აწყობს.
“უდანაშაულო ადამიანები სამუშაოდ მიდიოდნენ, როდესაც რუსული თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. რუსები მიზანმიმართულად ესვრიან და კლავენ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას“, – განაცხადა ლვივის მერმა ანდრი სადოვიმ.
რუსი სამხედროები მძიმე ლოგისტიკურ პრობლემებს განიცდიან, ჯარისკაცები ბრძანებების შესრულებაზე უარს ამბობენ და სამხედრო ტექნიკის გაუმართაობასა და უხარისხო საკვებზე საუბრობენ.
“რუს ჯარისკაცებს შორის უკმაყოფილება მზარდია, მათი მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა უარესდება, ისინი საკვებისა და სამხედრო ტექნიკის ხარისხით უკმაყოფილონი არიან“, – ამბობს უკრაინის გენერალური შტაბის პრესმდივანი ოლექსანდრ შტუპუნი.
რუსული სამხედრო ფლოტის მეთაური ნიკოლაი იევმენოვი, სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად სარაკეტო კრეისერი “მოსკვას” ჩაძირვის შემდეგ გადარჩენილ მეზღვაურებს შეხვდა.
მოსკოვი არ აღიარებს სარაკეტო კრეისერის უკრაინული რაკეტების თავდასხმის შედეგად ჩაძირვას და ამტკიცებს, რომ სამხედრო საზღვაო ხომალდი ბორტზე განთავსებული ტყვია-წამლის აფეთქების შედეგად ჩაიძირა.
რუსული გენშტაბი ამტკიცებს, რომ უკრაინაში მებრძოლი 1000 – ზე მეტი უცხოელი მოხალისე გაანადგურა. რუსული მხარის ცნობით, უკრაინის ტერიტორიაზე კიდევ 5 ათასამდე უცხოელი მოხალისე რჩება.
ჩრდილოეთ უკრაინაში მდებარე ჩერნიჰივი რუსული ოკუპაციის შედეგს იმკის, ქალაქის დიდი ნაწილი დანგრეულია, ქუჩები კი გადამწვარი რუსული სამხედრო ტექნიკითაა მოფენილი.
ჩრდილოეთ ფრონტის ხაზზე, ქალაქი ჩერნიჰივი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეტაკებების ადგილი იყო.