მთავარი ევროპა უკრაინა მარიუპოლი კვლავ რჩება უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობის სიმბოლოდ

მარიუპოლი კვლავ რჩება უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობის სიმბოლოდ

მოქალაქეებს ბომბავენ ქუჩებში, სახლებში, თავშესაფრებსა და საავადმყოფოებში

7 კვირაა მარიუპოლი ალყაშია… აზოვის ზღვის სანაპირო უკვე ნანგრევებად იქცა. ქალაქში 120 ათასამდე ადამიანია. ისინი გადარჩენისთვის იბრძვიან. თუმცა გადარჩენა ახლა იქ ყველაზე რთულია. მათ ყოველდღე ბომბავენ – ქუჩებში, სახლებში, თავშესაფრებში, საავადმყოფოებში. დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. გასულ თვეს 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა მარიუპოლის დრამატულ თეატრზე საჰაერო თავდასხმას. თეატრს თავშესაფრად იყენებდნენ. შენობის წინ უზარმაზარი ასოებით ეწერა სიტყვა „ბავშვები“. ბავშვებმა საჰაერო თავდასხმა ვერ შეაჩერეს…

მარიუპოლის მთავარი პორტი ჯერ კიდევ რჩება უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობის სიმბოლოდ. ქალაქის მერის ინფორმაციით, ახლა იქ რამდენიმე უკრანული შენაერთი იბრძვის – მათ შორის 36-ე საზღვაო ბრიგადა, აზოვის პოლკი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები და მესაზღვრეები. მებრძოლები დანებებას არ აპირებენ.

აზოვის პოლკი, გამოცდილი და კარგად გაწვრთნილი მოხალისეთა ძალაა. ის ახლა ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერესი ქვედანაყოფად ითვლება. ბატალიონი „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანას იცავს. მებრძოლები რუსული ძალების უწყვეტი იერიშების მოსაგერიებლად იყენებენ ბეტონის შენობებს და მიწისქვეშა ნაგებობების ფართო ქსელს.

36-ე საზღვაო ბრიგადა თავდაცვით პოზიციებს ინარჩუნებდა „აზოვმაშისა“ და „ზავოდ ილიჩას“ ქარხნებში მანამ, სანამ ისინი სრულად ამოწურავდნენ იარაღის რესურსს. რუსულმა ძალებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ მათ 1160 საზღვაო ქვეითი ჩაბარდა, თუმცა ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არ არსებობს.

აზოვის პოლკმა 11 აპრილს განაცხადა, რომ რუსულმა სამხედროებმა მარიუპოლში მომწამლავი ნივთიერება გამოიყენეს. უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა თქვა, რომ შესაძლოა ეს ფოსფორის საბრძოლო მასალა ყოფილიყო.საზღვაო ქალაქში ახლა შიშობენ, რომ რუსებმა კვლავ შეიძლება გამოიყენონ ქიმიური იარაღი, რათა იქ დარჩენილი წინააღმდეგობის ძალები საბოლოდ გაანეიტრალონ.

უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა ჰუმანიტარული დერეფნები დაბლოკეს. ქალაქი წყლის, საკვებისა, და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. უკან დააბრუნეს მოსახლეობის ევაკუაციისთვის განკუთვნილი სპეციალური ავტობუსები, თუმცა დაახლოებით 150 ათასმა მოქალაქემ საკუთარი ძალებით შეძლო ქალაქის დატოვება.

მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ 30-დან 50 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე გადაიყვანეს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. ბანაკებში, საიდანაც მათ იძულებით გზავნიან რუსეთის შორეულ, ღარიბ რეგიონებში.

უკრაინელების წინააღმდეგობამ მარიუპოლში მოსკოვის გეგმები შეცვალა. ახლა მნიშვნელოვანი ძალები სწორედ აზოვის ზღვის სანაპიროზეა თავმოყრილი. დაგეგმილი შეტევა დონბასზე კი ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. კრემლი ახლა იმედს სწორედ აღმოსავლეთის თავდასხმაზე ამყარებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კიევის სწრაფი შტურმის უშედეგო მცდელობის შემდეგ.

მარიუპოლი რუსეთის მთავარი სამიზნეა შეიარაღებული თავდასხმის პირველივე დღიდან, 24 თებერვლიდან.  ქალაქის აღება მოსკოვს საშუალებას მისცემს გაამყაროს სახმელეთო დერეფანი ყირიმის ნახევარკუნძულთან, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერ არის ანექსირებული.

წინააღმდეგობის სიმბოლოდ ქცეულ ქალაქში მოქალაქეები ბავშვებთან, ჩვილებთან ერთად ცხოვრობენ ქარხნებში, ბუნკერებში, შიათ და სცივათ. დაჭრილები იღუპებიან, რადგან არ არის წამალი, წყალი, საკვები… რუსული არმია მათ დაუნდობლად უტევს…

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend