უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ წინააღმდეგობის გაწევას თითქმის სრულად განადგურებულ ქალაქ მარიუპოლში. მათ უარი განაცხადეს რუსეთის ულტიმატუმზე და არ აპირებენ დანებებას. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა დააჩქაროს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ანკლავზე შეტევა. თუმცა ისინი შიშობენ, რომ რუსმა სამხედროებმა შესაძლოა დღეიდან ქალაქის ყველა შესასვლელი გადაკეტონ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უფრო მეტი შეიარაღება მოითხოვა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ დათმობს აღმოსავლეთის ტერიტორიებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ ომი დასრულდეს.
მან საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები ცდილობენ როგორც მარიუპოლის, ისე დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში სხვა ქალაქების განადგურებას. უკრაინელებს პარტნიორებთან მუდმივი კონტაქტი აქვთ, ისინი ყველაფერს აკეთებენ თავის დასაცავად. ზელენსკი მადლობას უხდის ყველას, ვინც ნამდვილად გვერდით უდგას უკრაინას. იმათ, კი, ვისაც აქვს იარაღი და ტყვია-წამალი, მაგრამ მაინც იკავებს თავს, პასუხისმგებლობას აკისრებს და თვლის, რომ მათზეც არის დამოკიდებული ამ ბრძოლისა და იმ ადამიანების ბედი, რომელთა გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია.
კვირას კვლავ ბომბავდნენ ხარკოვს, დაიღუპა 5 ადამიანი, 13 კი დაშავდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი ტერორისტული მოქმედებებია. მისი თქმით, გასული 4 დღის განმავლობაში 18 ადამიანი დაიღუპა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში.
უკრაინაში კი უკვე ომის შემდგომ რეკონსტრუქციაზე ფიქრობენ, პრეზიდენტი ზელენსკი ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ესაუბრა საერთაშორისო სავალუტო ფონდს. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობასაც.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უწყვეტი ეკონომიკური დახმარება. ევროკომისიაში დამატებით 50 მილიონი ევროს მოცულობის ჰუმანიტარულ დახმარებაზე ისაუბრეს. 45 მილიონი ევრო გამოიყოფა ჰუმანიტარული პროექტებისთვის უკრაინაში, 5 მილიონი კი – მოლდოვისთვის.