მთავარიგადაცემებიCULTყვავილების ძალა: „ლონდონის სააჩი გალერეა“ ბოტანიკურ თემას მასპინძლობს

ყვავილების ძალა: „ლონდონის სააჩი გალერეა“ ბოტანიკურ თემას მასპინძლობს

ლონდონოს „სააჩის გალერეას“ (London’s Saatchi Gallery) ახალ გამოფენაზე, დედამიწის ფლორის  თვალწარმტაცი  ნიმუშებია გამოფენილი.

აქ ნახავთ როგორც პაწაწინა სოკოების გადიდებულ ფოტოებს, ისე ბაღის ფერად ყვავილებს –  ბოტანიკური ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის  გამოფენა, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამეფო მებაღეობის საზოგადოების (Royal Horticultural Society) ორგანიზებით მოეწყო, ნამუშევრების ფართო სპექტრს მთელი მსოფლიოდან წარმოგიდგენთ. გამოფენილია როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ ხელოვანთა შემოქმედება.

შან ტირელი, „სამეფო მებაღეობის საზოგადოების“ ფოტოგრაფიული პორტფოლიოს ხელმძღვანელი:

“როგორც ვხედავთ, პანდემიის შემდეგ მცენარეთა ფოტოების მიმართ ინტერესი გაიზარდა, რადგან ხალხი ეძებდა, რა გადეღო. მათი სურვილი იყო, შემოქმედებითად დახარჯულიყვნენ. მცენარეები კი სახლთან ახლოს იყო და მათი ნახვა ყველგან შეიძლებოდა.“

ამერიკელი არქიტექტორი სანჯაი ჯანი  ერთ-ერთია იმ ადამიანებიდან, რომლებმაც ფოტოგრაფიას კოვიდის დროს მოჰკიდეს ხელი. საკუთარი ბაღისა და უბნის ფერადოვნებით მოხლიბლული სანაჯაის შვიდი ფოტო ცისარტყელას სიმბოლოს წარმოადგენს.

სანჯაი ჯანი, ფოტოგრაფი:

“კარგი არქიტექტურა გატყვევებს და გიზიდავს, აღგაფრთოვანებს თავისი შუქჩრდილების  გრადაციითა და  სივრცით, ბევრად მეტს გეუბნება, როცა შიგ შედიხარ, ვიდრე იქ შესვლამდე წარმოიდგენდი. ჩემი აზრით, ყვავილებიც სწორედ ასეა.“

იაპონელი მხატვრის მიცუკო კურაშინას  ნახატებზე იაპონიის სანაპირო ზოლის მცენარეთა მინდვრებია დატანილი, რომლებიც ახლა ზღვისგან მოშორებითაც ხარობს იმ ადგილებში, რომლებიც 2011 წლის დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის დროს დაიტბორა.

მიცუკო კურაშინა, მხატვარი:

“ცუნამის შემდეგ ხალხს მართლაც ძალიან მძიმე დრო დაუდგა, მაგრამ მცენარეები მაინც ხარობდნენ. მინდა, რომ ვინც ჩემს ნამუშევარს შეხედავს, მას ძალა ისევ მიეცეს.“

ანდებსა და ჩრდილოეთ პატაგონიაში ჩატარებულმა ექსპედიციამ  იების ხატვის სურვილი გაუჩინა ბრიტანელ მხატვარ ნაიჯელ პიკერინგს.

მოგვიანებით მას აგრესიული ტვინის სიმსივნე დაუდგინდა და გასულ წელს ნახატების დასრულების შემდეგ გარდაიცვალა კიდეც.

შარლოტა ბრუქსი, „სამეფო მებაღეობის საზოგადოების“ ხელოვნების კურატორი:

“იგი თითქმის ვეღარ წერდა და ვერც კითხულობდა, მაგრამ ხატვა ისევ შეეძლო. ამიტომ ეს ნახატები, ერთი მხრივ, ხატვის ძლიერ წყურვილს ადასტურებს, რადგან ეს მას შვებას ანიჭებდა, მეორე მხრივ კი, ეს  ხელოვნების მიმართ მხატვრის ]]თავდადებაზე მეტყველებს.“

გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს მკაცრი არბიტრები აფასებენ, რომლებიც ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებთან ერთად სხვა სახის ჯილდოებსაც გასცემენ.

ბოტანიკური ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის გამოფენა „ლონდონის სააჩის გალერეაში“ 29 აპრილამდე გაგრძელდება.

ავტორი: დეიმონ ემბლინგი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend