მთავარიგადაცემებითვითმხილველიცრემლების, სისხლისა და სიმამაცის ამბავი - უკრაინა ომის დროს

ცრემლების, სისხლისა და სიმამაცის ამბავი – უკრაინა ომის დროს

როდესაც 2022 წლის 24 თებერვალს კიევის ცენტრში მაიდანზე ვიდექი და კარგად გავაცნობიერე, თუ რა განსაცდელი ელოდა ამ ქვეყანას, ტანში გამცრა. უკრაინის დედაქალაქის ჰაერი  კვამლითა და მწუხარებით იყო გაიჟღენთილი.

კიევი, მარიუპოლი, დონეცკი, კარკოვი და ოდესა – ქვეყნის დიდი ქალაქები აფეთქებების ხმამ გააღვიძა, როდესაც  პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.

მაიდნის მოედანზე, კიევის ცენტრში შეკრებილი რამდენიმე ადამიანია ყვითელ და ცისფერ ზოლიან დროშებს აფრიალდებდა. მათ დაუმორჩილებლობის გამოხატვა სურდათ.

“გვინდა, ხალხს და მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ არ გვეშინია. ცოტას დავიცდით და ვნახავთ, რა იქნება. თუ საჭირო გახდება, ჩვენც დავიცავთ ჩვენს ქვეყანას,“ – მითხრა 25 წლის კიეველმა ბიჭმა არტემმა.

სწორედ ასეთი შეუპოვრობა ვიხილე ყველგან ჩემი ორკვირიანი მოგზაურობის დროს ომით გაცამტვერებულ ქვეყანაში. ვიხილე იყო სული, რომელიც ყოველდღე სიკვდილისა და ნგრევის ამბის გაგონებაზე მტკივნეულად იკუმშებოდა. საჰაერო განაგაშის მაუწყებელი სირენების  შემზარავი წივილი არღვევდა სიჩუმეს ქალაქის ცენტრში.

ანაბელს, ახალგაზრდა მოცეკვავე გოგონას მაშინ შევხვდი, როდესაც ის მეტროში ჩადიოდა, სადაც იგი მშობლებთან ერთად აფარებდა თავს.

ანაბელ ჩუპრინა, კიევის მცხოვრები

„ყოველთვის როცა გარეთ გავდივართ, ვნერვიულობთ, ბომბას ისვრიან თუ რაკეტას? ვცდილობთ პანიკაში არ ჩავცვივდეთ. მე და ჩემი მშობელები აქ მანამ დავრჩებით, სანამ შესაძელებლია, ჩვენ გადავრჩებით,“ – მითხრა ანაბელმა.

როდესაც ჩემს სასტუმრო „უკრაინაში დავბრუნდი, უცნაური სცენა დამხვდა. ჟურნალისტების ჯგუფს მთელი ბარგი შეეკრა  და წასასველად გამზადებულიყვნენ. ყველას უბრძანეს გამთენიამდე დაეტოვებინათ ქალაქი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევს აუცილებლად დაარტყამდნენ. სასტუმროს მთელი პერსონალი გაუჩინარდა.

მე ბოლო ფაილები  ნიუსრუმს დილის 10 საათამდე გავუგზავნე – სანამ კომენდატის საათი დაიწყებოდა, ჩემი ჩანთები გამოვათრიე და თურქი კოლეგის დახმარებით  მაიდნის მეორე მხარეს მდებარე სასტუმროში გადავბარგდი.

საზარლად გაუდაბურებულ ქალაქში დაღამდა.

რამდენიმე საათის შემდეგ კიევში ჩამოწოლილი გამაღიზიანებელი სიჩუმე  სირენების და აფეთქებების ხმებმა დაარღვია. ღრუბლებიდან კი მზემ ისე გამოანათა, თითქოს ამ პირქუშ დროს შეახსენა, რომ მაინც გაზაფხულია.

ირგვლივ დაძაბულობა იგრძნობა. ქალაქის ცენტრამდე სროლა ექოდ აღწევს. მაიდნის მახლობლად პოლიციების ჯგუფს მივუახლოვდი. ისინი პრორუსულ ჯგუფებს ეძებენ, რომლებიც საბოტაჟს აწყობენ და ამიტომ პატრული სამოქალაქო  მანქანებს აჩერებს.

რამდენიმე მანქანაში გადაჭრილი ავტომატები ნახეს. იარაღზე სერიის ნომერი წაესალათ და იარაღი არ იყო რეგისტრირებული. ერთ დღეში პატრულმა უკვე მესამედ იპოვა ასეთი იარაღი.

კიევში კიდევ უფრო მეტი იქნებაო, მითხრეს. პოლიციელები აღელდნენ და მთხოვეს, დამეტოვებინა იქაურობა.

გადავწყვიტე კიევის მეტროში ჩავსულიყავი. სურათმა, რაც იქ ვიხილე, სულის სიღმემდე შემძრა – თითქოს მეორე მსოფლიო ომის არქივი გაცოცხლდა.

რამდენიმე ათეული ადამიანი, ოჯახები დერეფნებში შეყუჟულიყვენენ, გადასაფარებლებსა და ნოხებზე ისხდნენ, თან მცირე ბარგი ჰქონდათ –  რისი წამოღებაც მოასწრეს. ზოგს ძაღლები და კატებიც წამოეყვანა.

სახეზე წუხილი და სიბრაზე ეწერათ.

“არ ვიცი, ვის უნდა მოაფიქრდეს ასეთი რამის ჩადენა, ასეთი რამის გაკეთება. უბრალოდ ვერ ვხვდები, რა უნდა ამ კაცს საბოლოოდ?“ – მებუნება 16 წლის დარინა.

„ეს ჩვენი სახლია, ჩვენი ქალაქი და ჩვენი საკუთრებაა. მაგრამ უნდა წავიდეთ, რომ გადავრჩეთ. და ეს გვანადგურებს,“ – ოხრავს გოგონას დედა კატერინა.

მეტროში სიარულის დროს დაცვის თანაშრომელმა გამაჩერა. ისინი დამშვიდდნენ, როდესაც ჩემი დოკუმენტები შეამოწმეს და მეტროს დახურულ კარამდე მიმაცილეს.

შემდეგი ორი დღე დედაქალაქში სადღეღამისო კომენდანტის საათი დაწესდა. მე მთელ დროს  18 წლის დენისთან და 19 წლის დიმასთან ერთად ვატარებ, რომლებიც შეუსვენებლად მუშაობენ ჩემი სასტუმროს მიმღებში. სასტუმროს პერსონალის უმეტესობა ომის გამო შვებულებაშია. ამიტომ კლიენტების ჩაწერა-ამოწერის, ასევე მოხმარებელთა უწყვეტ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემის გარდა, ეს ორი ახალგაზრდა ბიჭი სურსათის მარაგებსაც ავსებს.

ორივე გაფითრებული და დაქანცულია – თვალის უპეები ჩაშავებიათ. ისინი რიგრიგობით იძინებენ, ღამეში ასე 2-3 საათით თუ წახუჭავენ თვალს მიმღების დივანზე.

“ იმდენს ვმუშაობ, რომ ზოგჯერ ომიც მავიწყდება,“ – მეუბნება დიმა და თან საქმეზე გარბის. თუმცა ომმა ბიჭს ერთი რამ უკვე ასწავლა:

„აქამდე არფერს ვაკეთებდი, თითქმის მთელი დღე ფილმებს ვუყურებდი, ან ვიდეოთამაშებით ვერთობოდი. ახლა კი მიზნებს ვსახავ.“ ორივე ახალაგაზრდა ერთ რამეზე თანხმდება: „არ გვინდა ვინმე მოვკლათ, მაგრამ მოგვიწევს, ჩვენს ჯარს უნდა დავეხმაროთ.“

„ჩვენ გავიმარჯვებთ. უნდა გავიმარჯვოთ“

გამაოცა თითოეული ადამიანის სიმამაცემ და სიმტკიცემ, ვისაც კი შევხვდი კიევდიან უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ლვივამდე მოგზაურობის დროს. იქნებოდა ეს მოხალისე, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას დაუღალავად აწოდებს ყველას ვისაც სჭირდება, თუ ის მოხალსიეები, რომლებიც ტერიტორიული თავდაცვის ძალებში შედიან, რათა უკრაინის არმიას დაეხმარონ; თუ ლტოლვილები, რომლებიც მეზობელ ქვეყნებში ლამობენ გადასვლას. ყოველი მათგანს მტკიცედ სწამს: უკრაინა ფერფლიდან აღდგება.

პოლონეთისკენ მიმავალ ავტობუსში ასვლის წინ ერთმა ქალმა –  გალამ  – ასეთი რამ მითხრა: „ცარიელ-ტარიელი მივდივართ. დავბრუნდებით და უკეთეს, უფრო ძლიერ ქვეყანას ავშენებთ. ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ.“

თუმცა ყველა, ვისაც კი მთელი ჩემი მოგზაურობის დროს შევხვდი, დაჟინებით იმეორებდა: ეს ვერ მოხდება დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერის გარეშე.

ახლაც ყურში ჩამესმის ანდრის სიტყვები, რომელსაც პოლონეთის ქალაქ კრაკოვში დემონსტრაციაზე შევხვდი, სანამ აეროპორტში წავიდოდი.

“ნატომ ცა უნდა ჩაკეტოს! მსოფლიოს ყველა ხალხს მივმართავ: ნუ იქნებით ჩუმად! ვთხოვ  ბაიდენს, მაკრონს, ჯონსონს, შოლცს და ყველა დანარჩენს:  თუ პუტინს არ შეაჩერებთ, უკრაინელი ხალხის სისხლი თქვენს ხელებზე იქნება!“

ავტორი: ვალერი გორე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend