მთავარისაქართველო„მხატვრები უკრაინისთვის"

„მხატვრები უკრაინისთვის”

სამხატვრო აკადემიის საგამოფენო სივრცეში უკრაინის მხარდასაჭერად გამოფენა გაიხსნა

„მხატვრები უკრაინისთვის“ – ასე ჰქვია საქველმოქმედო გამოფენას, რომელშიც 50-მდე მხატვარი მონაწილეობს.

გამოფენაზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში 70-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. ყველა მათგანი იყიდება.  შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელი მოსახლეობისა და ჯარის დასახმარებლად.

„მეც სულ ცოტა ხნის წინ ვიყავი სტუდენტი, მეც ვსწავლობდი ამ აკადემიაში. ამიტომ მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის ეს გამოფენა. ისიც ვიცი, რამდენად ღირებულია უკრაინელებისთვის ამ რთულ დროს დახმარება. მე უკრაინელი ვარ, უკრაინაში კატასტროფული ვითარებაა. ჩვენ გვჭირდება დახმარება და ვფიქრობ, მსგავსი ღონისძიებების მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ანასტასია ანტონიუკი დამთვალიერებელი.

„ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთი გამოფენები ეწყობა ჩემი მეორე სამშობლოს – უკრაინის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ანდრია ანთიამ, დამთვალიერებელმა.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია როგორც უკრაინის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები, ასევე 2022 წლის 24 თებერვლამდე, ანუ ომის დაწყებამდე შესრულებული ნახატებიც, რომლებიც მხატვრებმა უკრაინის დასახმარებლად  გასაყიდად გამოიტანეს.

„მე ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია პატარა წვლილი შევიტანო უკრაინის დასახმარებლად. ჩემი ნამუშევარი აბრეშუმზე არის შესრულებული და ერთგვარად სიძლიერისა და იმედის მომტანი მინდა იყოს მისთვის, ვის ოჯახშიც დაიდებს ბინას“, – ამბობს მაია თოიძე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ლექტორი.

გამოფენის კურატორი ნინო გუჯაბიძე ამბობს, რომ უკრაინას საქართველოს დახმარება განსაკუთრებით სჭირდება, რადგან უკრაინელები არა მხოლოდ თავიანთი სამშობლოსთვის, არამედ საქართველოსა და თითოეული ქართველის მომავლისთვისაც იბრძვიან.

„გამოფენაზე წარმოდგენილია ხარისხიანი ნამუშევრები. ეს ნამუშევრები გამოფენის ფარგლებში ორჯერ უფრო ნაკლები ღირს, ვიდრე მათი რეალური ფასია. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს სამხატვრო აკადემიის დათვალიერებაც შეუძლიათ. აკადემიის რეაბილიტაცია სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა“, – ამბობს ნინო გუჯაბიძე, გამოფენის კურატორი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხატვრები, გალერეები და კურატორები – ქართული სახელოვნებო სივრცე – უკრაინას დაუდგნენ გვერდით. ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროატლანტიკას“. ისინი უკრაინულ ჯარსა და მშვიდობიან მოსახლეობას ეხმარებიან“, – ამბობს ნატალია ნიქაცაძე, ხელოვნებათმცოდნე.

სამხატვრო აკადემიის საგამოფენო სივრცეში აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და გალერეა „გამრეკელის“ ერთობლივი საქველმოქმედო გამოფენა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend