მთავარი საქართველო კოლხური ბზის ამბავი

კოლხური ბზის ამბავი

ბზა ათასობით წლის წინ კოლხური ტყეების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა, თუმცა მოულოდნელად, 21-ე საუკუნის დასაწყისში კოლხური ბზა დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

„ბოლო წლებში ფაქტობრივად განადგურდა ბზები მთელ მსოფლიოში, ეს იყო გლობალური პანდემია და ამან შეიწირა, მათ შორის, კოლხური ბზის ბუნებრივი კორომებიც, ეს სახეობა კავკასიის ენდემია, რაც ნიშნავს იმას, რომ სახეობა ბუნებრივ გარემოში მხოლოდ ჩვენს რეგიონში იზრდება. მნიშვნელოვანი კორომები გვქონდა აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, რაჭაში… დაიკარგა ისეთი კორომები, რომელთაც თამამად შეიძლებოდა ბუნებრივი ძეგლის სტატუსიც კი მინიჭებოდა, ეს იყო ასწლოვანი ხეები. იყო ორი მიზეზი, და ორივე მიზეზი დღემდე ძალაშია, ეს არის „ბზის სიდამწვრის“ სახელით ცნობილი სოკო და მეორე, ეს არის პარაზიტი მწერი ბზის ალურა“, — ამბობს ორგანიზაცია CENN-ის ტყის პროგრამის ხელმძღვანელი რეზო გეთიაშვილი.

ეს მცენარე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, ყოველწლიურად, ბზობის დღესასწაულის დროს მოექცევა ხოლმე. იმ დღეს, როცა ტრადიციის მიხედვით, ბზის ტოტები სახლში უნდა მიიტანო, როგორც კეთილდღეობისა და მარადისობის სიმბოლო.

„საერთოდ, ტოტებს ვყიდულობდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ქოთანში ძალიან კარგი იდეაა, რომ მცენარე არ გაფუჭდეს და სახლში იცხოვროს“;

„ბზობის დღეს ყოველთვის ეკლესიაში ავდივარ და იქ ვყიდულობ ბზას, შინ ნაკურთხი რომ წავიღო. ქოთანში დარგული ბზა… ეკლესიაში ნაყიდი მირჩევნია“;

„ბზა ეზოში მაქვს და არასდროს არ ვტეხავ, იმას ვიყენებ. მით უმეტეს ვიცი, რომ წითელ წიგნში შეტანილი მცენარეა და ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება“, – ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც ევრონიუს ჯორჯიამ გამოჰკითხა.

კოლხური ბზის კორომების განადგურებაში დიდი როლი შეასრულა ამ მცენარის დაავადებებმა, თუმცა ბზის საკრალური და ყოფითი მნიშვნელობის გამო, მცენარეს ადამიანის ხელით არანაკლები ზიანი მიადგა.

სტუდენტი სანდრო ნარსია კოლხური ბზის კონსერვაციაზე 2016 წლიდან მუშაობს, მას საკუთარი სანერგე აქვს და ტყეშიც არაერთხელ დაუბრუნებია ბზა.

„ბზის საკრალური დანიშნულებაც გამომდინარეობს სწორედ მისი სტატუსიდან, ეს რელიქტური სახეობაა, იმიტომ, რომ ის ხმელთაშუაზღვისპირეთის ბიომრავალფეროვნების ნაწილი გახლდათ დაახლოებით 15 ათასი წლის წინ ის. მიუხედავად ბევრი ბიოლოგიური ცვლილებებისა კოლხურმა ბზამ შეძლო გადარჩენილიყო, მან საკუთარი სიძლიერე გამოაჩინა და სწორედ ამის გათვალისწინებით იმდროინდელმა ქართულმა საზოგადოებამ მიანიჭა მას მარადისობის სიმბოლოს სტატუსი. მიუხედავად იმ დაავადებისა, რომელმაც კოლხური ბზის პრობლემებს ბუნებრივად შეუქმნა საფრთხე, ეს პრობლემა მთლიანად გადაწონა ადამიანმა და ადამიანის მიერ მინიჭებულმა საკრალურმა დანიშნულებამ. დიდი რაოდენობით მოიპოვებენ როგორც ტყეში ბუნებრივ კორომებში არსებულ ბზის ნერგებს, ასევე ტოტებს. სტატუსის დამძიმებაში ყველაზე დიდი როლი მიუძღვის სწორედ ამას, რომ მის მერქანზე მაღალი მოთხოვნილებაა“, — ამბობს მეტყევე სანდრო ნარსია.

ბზის მერქნისაგან, ტრადიციულად გამორჩეულ დეკორატიულ საგნებსა და ყოფით ნივთებს ამზადებდნენ.

სანდრო ნარსია ყველას ურჩევს, რომ ბზობისას ქოთანში ჩარგული ბზა შეიძინონ, ან თუ ტოტის ყიდვას გადაწყვეტენ, შინ მიტანისას გააფესვიანონ და ბზის ტოტი სულ რამდენიმე კვირაში კვლავ ცოცხალ მცენარედ გადაიქცევა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend