უკრაინიდან ჩამოსული 11 წლის საშა ავტონომოვი უკვე ერთი თვეა საქართველოშია. ახალ გარემოსთან შესაგუებლად, ის ეროვნულ სასახლეში დადის, სადაც სახვადასხვა გაკვეთილს თუ მასტერკლასს ესწრება.
„მე კიევიდან ვარ. ახლა თბილისში ვარ. აქ დავდივარ მათემატიკის, ინგლისურის, ქართულის გაკვეთილებზე და აქვე მასწავლიან დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრას. ასევე ქართულ ცეკვასაც ვსწავლობ. ცეკვა ცოტა რთული იყო. მე მაინც მათემატიკა მირჩევნია“- ამბობს საშა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საშამ სამშობლო დედასთან ერთად დატოვა და უსაფრთხო თავშესაფრის ძიებაში, საქართველოში ჩამოვიდა. საშას დედა ოლენა გრძელ და დამღლელ გზას იხსენებს, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა.
„უკრაინაში აეროპორტები არ მუშაობდნენ, ამიტომ მანქანით ლვივში ჩავედით, საიდანაც პოლონეთში გადავედით. ხოლო პოლონეთიდან საქართველოში გამოვფრინდით. ძალიან რთული გზა გამოვიარეთ. პოლონეთში ორი დღე მივდიოდით. აქ ყველა ძალიან მეგობრულია. ყველა მის დახმარებას ცდილობს. ენის ბარიერის მიუხედავად, ყველა ცდილობს, სათქმელი გაგაგებინოს და კომუნიკაცია დაამყაროს,“ – ჰყვება საშას დედა ოლენა კოლომიჩენკო.
ეროვნულ სასახლეში ქართული ენის გაკვეთილებზე დადის უკრაინაში დაბადებული და გაზრდილი ლიზა ჯანელიძეც. ომის დაწყებიდან მალევე, მარტის პირველ დღეებში ის ხარკოვიდან საქართველოში ჩამოვიდა.
„აქ ქართული ენის სწავლა დავიწყე. სამწუხაროდ, აქამდე ქართული არ ვიცოდი, მაგრამ ყოველთვის მინდოდა მესწავლა. ვიწყებთ ენის საფუძვლების შესწავლას საბავშვო წიგნებიდან. ეს ძალიან გვეხმარება, რომ ქვეყანაში უფრო თავისუფლად ვიგრძნოთ თავი და ადგილობრივებთან უფრო ახლო კონტაქტი დავამყაროთ,” – ამბობს ლიზა ჯანელიძე.
ლიზას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი და უკრაინელი ხალხი ერთმანეთს ჰგავს, ახალ ქვეყანაში გადმოსვლას თავისი სირთულეები მოჰყვება. მისთვის რთული გამოდგა სამშობლოში მიმდინარე მოვლენების შორიდან ყურებაც, სადაც მისი ნათესავები და მეგობრები იმყოფებიან
„უკრაინაში ნათესავები მყავს, მათ შორის ბიძა თავისი ოჯახით. ძირითადად ყველა ცდილობს, უსაფრთხო გარემო მოძებნოს. ზოგი სამსახურში სიარულს კვლავ ახერხებს. ბევრი ჩემი კოლეგა ექიმი უკრაინაში დარჩა და ისინი თავის მოვალეობას ასრულებენ. ბევრი კი მოხალისედ მუშაობს – არმიას პროდუქტებით ამარაგებენ. ყველა დახმარებას ცდილობს. ვისაც ამის საშუალება არ აქვს, უბრალოდ ქუჩებს ასუფთავებენ, გააქვთ ნანგრევები, ნამსხვრევები და დამწვარი ხეები. მთელი ქალაქი ერთ მუშტადაა შეკრული,“ – თქვა ლიზა ჯანელიძემ ევრონიუს ჯორჯიასთან საუბრისას.
სამშობლოდან იძულებით გამოდევნილ უკრაინელებს კულტურული თუ ენობრივი ბარიერის დაძლევაში ეროვნული სასახლე ეხმარება. უკრაინელ ბავშვებს და მათ მშობლებს აქ არა მარტო ქართული ენის კურსებს სთავაზობენ, არამედ ყველა სახის გაკვეთილს, რაშიც ინტერესს გამოავლენენ. მათთვის ეს გაკვეთილები უფასოა. სასხლის მოსწავლეების ინიციატივით, აქ საქველმოქმედო კონცერტი და გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა.
“ჩვენთან ბევრი ბავშვი დადის. მათ მასტერკლასებს ვუტარებთ. არაჩვეულებრივად მუშაობენ ძალიან მონდომებულები არიან. სასახლის ნებისმიერი კაბინეტი მათთვის ღიაა. არაჩვეულებრივად მუშაობენ და აქაც არაჩვეულებრივი პერსონალი ხვდება,” – ამბობს კერამიკის წრის პედაგოგი ნინო რევაზიშვილი.
როგორც ყველა უკრაინელს, მშვიდობიან უკრაინაში დაბრუნების სურვილი საშას, ოლენას და ლიზასაც აქვთ, მაგრამ ომი როდის დასრულდება არავინ იცის. მანამდე კი მათ სიყვარულს სთავაზობს საქართველო და ისინიც ცდილობენ ქართულ კულტურას და ყოფას რაც შეიძლება მალე გაეცნონ და ქართულადაც შეძლონ ლაპარაკი.
თორნიკე კოპლატაძე